თბილისი, 29 მარტი - Sputnik. მედდა ახალციხიდან, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდა, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს იმ დროისთვის ის უკვე გარდაცვლილი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განუცხადა.
მასმედიაში ამას წინათ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეგი ბაქრაძე თბილისის კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. რატიანმა კატეგორიულად უარყო ეს ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა გულისცემა და არტერიული წნევა მედიკამენტებით იყო შენარჩუნებული.
„ამ მტკივნეულ და სენსიტიურ თემასთან დაკავშირებით, განცხადების გაკეთებას არ ვაპირებდი, მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეს სიმართლე. სიმართლეს არ წარმოადგენს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მეგი ბაქრაძე, 28 წლის, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს 18 მარტს, 19:45 საათზე, იყო გარდაცვლილი. ეს არის სიცრუე“, - აღნიშნა რატიანმა.
როგორც რატიანმა განმარტა, მეგი ბაქრაძე კლინიკაში შეიყვანეს 19:45 საათზე. ის იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, რატიანის თქმით, ჰემოდინამიკა (სისხლის მიმოქცევა) იყო მკვეთრად არასტაბილური. ეს იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო პრეპარატების გარეშე ჰემოდინამიკის შენარჩუნება შეუძლებელი იყო.
„დაფიქსირდა ჰემოდინამიკის მკვეთრი მოშლა, რაც არ ნიშნავს, რომ ის იყო გარდაცვლილი. სიკვდილი დგება, როდესაც გული ჩერდება. კლინიკაში შემოყვანისას პაციენტს ჰქონდა გულისცემა, არტერიული წნევა შენარჩუნებული იყო მეგადოზებით. რაც შეეხება მდგომარეობას, იყო კრიტიკული, შეუქცევადი“, - განაცხადა რატიანმა.
ამასთან, მისი თქმით, პაციენტის კრიტიკული მდგომარეობა გამოწვეული იყო ე.წ. პოსტრეანიმაციური დაავადებით, ვაზოპლეგიით ანუ სისხლძარღვების დაზიანებით.
„ამ შეუქცევადმა პროცესმა რამდენიმე საათში გამოიწვია გულის საბოლოო გაჩერება და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - აღნიშნა რატიანმა.
ამასთან, ლევან რატიანი განმარტავს, რომ მეგი ბაქრაძეს არცერთი კვლევით ანემია არ დაუდასტურდა. ასევე, კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მეგი ბაქრაძეს გარდაცვალების შემდეგ დაუდგინდა ორმხრივი პნევმონია, რატიანმა აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა პოსტრეანიმაციული დაავადების ფენომენი ყოფილიყო. პოსტრეანიმაციული დაავადება - ესაა ორგანიზმის მდგომარეობა გადატანილი კლინიკური სიკვდილის შემდეგ ორგანოებისა და სისტემების ფუნქციების შემდგომი აღდგენით.
27 წლის მედდა 18 მარტს ახალციხეში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ მეორე დღეს თბილისში გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედდას აცრა 18 მარტს, 12:15 სთ-ზე გაუკეთდა. იმ ექიმების თქმით, რომლებიც მას აცრამდე ესაუბრნენ, მედდას ანამნეზში არ აღენიშნებოდა ალერგიული რეაქციები და ის სისტემატურად იცრებოდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით.
ადგილზე ქალს აღმოუჩინეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, თუმცა რეაქცია ვერ მოუხსნეს. მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, ჩაუტარეს ინტუბაცია და ხელოვნური სუნთქვის აპარატს მიუერთეს. პაციენტი მეორე დღეს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
ამჟამად ქვეყანაში მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზებს იკვლევენ და უახლოეს მომავალში მზად იქნება სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა.