თბილისი, 24 მარტი – Sputnik. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მიერ Facebook-ის სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტომასალა და ინფორმაცია „ფეიკია“, ამას შსს აცხადებს.
„ქართული მარში“ დავით გარეჯის ირგვლივ არსებულ ვითარებაში გარკვევას დამოუკიდებლად ცდილობს >>
„ქართული მარშის“ ლიდერის მიერ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს „ფეიკ-ნიუსს“. სიცრუეა, თითქოს დავით გარეჯში ექსკურსიებზე დადიან აზერბაიჯანელი სტუდენტები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამშაბათს სანდრო ბრეგაძემ გამოაქვეყნა ფოტოსურათი, სადაც ჩანს საექსკურსიო ჯგუფი აზერბაიჯანის დროშებით, რომელიც თითქოს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში იმყოფება.
„ამ ახალ ფოტოზე-აზერბაიჯანელი სტუდენტების ექსკურსიაა აღბეჭდილი დავით გარეჯში. ტაძრებში და მის გარეთ შეიარაღებული ჯარი დგას. ყოველივეს პასუხად-ჩვენი ხელისუფლება დუმს და ძინავს“, - წერს ბრეგაძე.
შსს უარყოფს მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ის სინამდვილეს არ შეესაბამება.
„რაც შეეხება ფოტოსურათს, რომელიც სანდრო ბრეგაძემ თავის პოსტს დაურთო, იგი გადაღებულია დაახლოებით ერთი წლის წინ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვრის ხაზიდან 3 კმ-ში, „ჰეიდარ ალიევის“ სახელობის ნაკრძალში, რომელიც შარშან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა და ღონისძიებას აზერბაიჯანის მოქალაქეები დაესწრნენ“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ულტრანაციონალისტური პარტია „ქართული მარშის“ აქტივისტები მოითხოვენ მიგრაციული კანონმდებლობის გამკაცრებას, ემუქრებიან ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლებს და მიგრანტების კონტროლის მიზნით „სახალხო პატრულის“ შექმნის იდეებს ავითარებენ.
დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთზე მდებარეობს.