თბილისი, 24 მარტი — Sputnik. მსოფლიოში 34 მილიონზე მეტი ადამიანი სურსათის მწვავე ნაკლებობის ზღვარზეა, ნათქვამია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) ერთობლივ განცხადებაში.
22 მარტი 2021, 09:52
„იემენი, სამხრეთ სუდანი და ჩრდილოეთ ნიგერია ოცი ქვეყნის სიის სათავეში დგანან და მწვავე შიმშილობის კატასტროფულ დონეს აწყდებიან. სამხრეთ სუდანსა და იემენში მოსახლეობა უკვე დგას შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშე“, — ნათქვამია ანგარიშში.
როგორც WFP-ს აღმსარულებელი დირექტორი დევიდ ბისლი ამბობს, კატასტროფული შიმშილობის გამომწვევი მიზეზები — ომები, COVID-19-ის პანდემია და ექსტრემალური კლიმატური პირობებია — გვალვისა და კალიების შემოსევების ჩათვლით.
დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული ქვეყნების უმეტესობა აფრიკაშია, შიმშილობის დონე მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც მკვეთრად და სწრაფად გაიზრდება. გაეროს სიაში უკვე მოხვდნენ: სალვადორი, გვატემალა, ჰონდურასი, ვენესუელა, ლიბანი, სირია და ავღანეთი.
