თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ექთნის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ჩართვის თხოვნით გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-ს ოფიციალური წერილით უკვე მივმართეთ, განაცხადა ოჯახის ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა.
27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შედეგად გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. გარდაცვლილის ოჯახი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზების დადგენას მოითხოვს. მათი თქმით, ვაქცინაციამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადოდ შემოწმება არ მომხდარა. გარდაცვლილის დის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს არ ჰქონდა ისეთი ანალიზები, რომ მისთვის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელი ყოფილიყო.
„მივმართეთ „ასტრაზენეკას“ ბრიტანეთის ფილიალს. გავაცანით საქმის დეტალები ზედაპირულად და ვთხოვეთ, რომ საქმეში ჩაერთოს. გაიხსნა კვლევა და მიენიჭა თავისი კოდი. იმედია, რომ კომპანია ჩაერთვება ამ გამოძიებაში“, – აღნიშნა ბარამაშვილმა.
ბარამაშვილის განცხადებით, მათ ახალციხის კლინიკის მიერ გაცემული სამედიცინო ისტორია უკვე გადაეცათ, მაგრამ ეს დოკუმენტაცია არაა სრული და არ ასახავს იმ პროცედურებს, რაც მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციამდე ჩაუტარდა. მანამდე დაცვის მხარეს ასევე გადაეცა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გაცემული დოკუმენტაცია, სადაც მედდა გარდაიცვალა.
„ჩვენ ახალციხის კლინიკიდან მოვითხოვთ სრული სამედიცინო ისტორიის გადმოცემას. საჭიროა არა მარტო კონკრეტულად ამ შემთხვევის სამედიცინო ისტორია, არამედ მეგის წინა მკურნალობის სამედიცინო ისტორიებიც, რაც არაა ამოღებული. როგორც გამოძიება აცხადებს, ეს კონკრეტულად ის დოკუმენტებია, რაც მათ გადასცეს და საქმეში აქვთ. გამომძიებლის ინფორმაციით, ჩატარებულია ახალციხის მედპერსონალის გამოკითხვა, თუმცა ეს დოკუმენტაცია ჩვენთვის არ გადმოუციათ“, – განაცხადა ვახტანგ ბარამაშვილმა.
გუშინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც განაცხადა, რომ ექთნის გარდაცვალების საქმეზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შუალედური დასკვნა მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი. მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პაციენტს პირველადი ყველა საჭირო დახმარება ახალციხის კლინიკაშივე ჩაუტარდა, სადაც რეანიმაციული განყოფილება გამართულად მუშაობს.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
შემთხვევა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ მოხდა, სადაც სამი დღის მანძილზე მედპერსონალის 16 წარმომადგენლის ვაქცინაცია განხორციელდა. ახალგაზრდა ქალს აცრა 18 მარტს გაუკეთდა. ვაქცინაციიდან 30 წუთში მას, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა. ქალს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.