თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი დღეს ბიუროზე გაიტანს შესწორებებს კოდექსში „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რაც ითვალისწინებს ჯარიმების ზრდას სურსათის ან ცხოველთა საკვების უსაფრთხოების სფეროში დარღვევებისთვის.
კანონპროექტის თანახმად, სურსათის ან ცხოველის საკვების უვნებლობის დაცვის დარღვევის, მაგრამ ნაკლოვანებების გამოსწორების შემთხვევაში მცირე ბიზნესის წარმომადგენლები გადაიხდიან 200 ლარის ოდენობის ჯარიმას, სხვა ბიზნეს-ოპერატორები – 500-ლარიან ჯარიმას. თუ დამრღვევი არ შეასრულებს ინსპექციის მითითებებს, მას უკვე 1000 ლარით დააჯარიმებენ.
იქვეა განმარტებულია, რომ ბიზნეს-ოპერატორი არის პირი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებასთან, პირველად წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასთან, ასევე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში მომსახურებასთან.
თუ აღმოჩნდება შეუსაბამობები, რომლებიც მაღალ რისკს ქმნის ადამიანების ან ცხოველების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და ის არ აღმოიფხვრება საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების გარეშე, ამას მოჰყვება 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა და საწარმოო პროცესის შეჩერება. განმეორებითი დარღვევის დროს ბიზნეს-ოპერატორი გადაიხდის 5 ათას ლარიან ჯარიმას.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ კვების პროდუქტების შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების წესების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას 200 ლარის ოდენობით მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნეს-ოპერატორისთვის და 500 ლარის ოდენობის ჯარიმას – სხვა კატეგორიის ბიზნეს-ოპერატორისთვის. დარღვევის გამეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარით განისაზღვრება.
რას ვჭამთ: საბავშვო ბაღებში ვადაგასული ხორცის შეტანის მცდელობა აღკვეთეს>>
საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ჯარიმას ბიზნეს-ოპერატორებისთვის 1000–3000 ლარის ოდენობით კვების სპეციალურ პროდუქტებზე ან ბავშვთა კვების პროდუქტებზე ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, რომელმაც მომხმარებელი ამ პროდუქტისა და მისი შემადგენლობის ჭეშმარიტ ხასიათთან დაკავშირებით შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს. ამგვარი ხელმეორე დარღვევა 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმასა და საქმიანობის შეჩერებას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, კანონპროექტში გათვალისწინებულია კვებითი მრეწველობის მცირე საწარმოების სტატუსი.
მოქმედი კანონმდებლობით, მცირე ბიზნესი – ესაა ბიზნეს-ოპერატორის საქმიანობა, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 200 ათას ლარს. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მეწარმეები აღარ არიან ვალდებული, საგადასახადო ორგანოში ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციები წარადგინონ, რის შედეგად შემოსავლების სამსახურს აღარ შეუძლია საწარმოს წლიური მიმოქცევის ოდენობის განსაზღვრა.
შესაბამისად, სურსათის ეროვნულ სააგენტოს აღარ აქვს ეს ინფორმაცია სახელმწიფო კონტროლისა და სანქციების დადების დროს. კანონპროექტის ინიციატორები აცხადებენ, რომ ცვლილებები დაარეგულირებს ვეტერინარიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მცირე ბიზნესის სტატუსის ბიზნეს-ოპერატორს, ხოლო სურსათის სააგენტოს ექნება ამ ბიზნეს-ოპერატორების ზუსტი ინდენტიფიცირების შესაძლებლობა.