თბილისი, 20 მარტი - Sputnik. ქვემო ქართლის რეგიონში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ხვალ ტრადიციულად მასშტაბური ღონისძიებებით არ აღინიშნება, ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
ნოვრუზ–ბაირამი — მუსლიმებში გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის დღეს 20-21 მარტს ემთხვევა. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები საქართველოშიც იმართება. ეს დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება ქვემო ქართლში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ეთნიკური აზერბაიჯანლები შეადგენენ.
შოთა რეხვიაშვილმა ქვემო ქართლის მუსლიმ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისათვის მადლობა გადაუხადა.
„ნოვრუზ ბაირამს ჩვენ ტრადიციულად ფართომასშტაბიანი ღონისძიებებით აღვნიშნავთ, თუმცა მეორე წელია პანდემიის და მოქმედი რეგულაციების გამო ეს ვერ ხერხდება. მე მუდმივი კომუნიკაცია მაქვს ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობასთან და ისინი სრულად აცნობიერებენ ამ გამოწვევას. გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისა და სახელმწიფოებრივი მიდგომის გამო მინდა მადლობა გადავუხადო მათ. ჩვენი მოქალაქეები მაღალი შეგნებით ეკიდებიან, იაზრებენ და იციან პრობლემის არსი და არავითარი წყენა, არავითარი გულისტკენა ამაში არ არის“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მიმართა მთავრობას თხოვნით, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით მოხსნას 20-21 მარტს ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა.
ადრე საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ანალოგიური თხოვნით მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა მიმართეს. მაგრამ საკოორდინაციო საბჭომ მიიჩნია, რომ ამ შეზღუდვების მოხსნა კულტურული, რელიგიური და სხვა დღესასწაულების დროს არამიზანშეწონილია „მათი ხალხმრავლობისა და ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო“.
საქართველოში „კომენდანტის საათი“ 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებს. თავდაპირველად გადაადგილების შეზღუდვა მოქმედებდა 22:00 საათამდე 05:00 საათამდე, მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან ის ერთი საათით გახანგრძლივდა - 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.