თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მფლობელებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა სასამართლოს მიმართეს მოთხოვნით, დაყადაღდეს ტელეკომპანიის ქონება დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჟურნალისტებს მათმა ადვოკატმა კახა კოჟორიძემ განუცხადა.
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ წამგებიანობის გამო ტელეარხში რეორგანიზაცია იგეგმება. თანამშრომლებს ჯერ ხელფასები შეუმცირეს, შემდეგ კი შტატების შემცირებაზეც განაცხადეს. ამ კვირის დასაწყისში მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტელეარხი მედია-ჰოლდინგად გარდაიქმნება, რომელშიც ასევე შევა ინტერნეტ-გამოცემა Prime Time.
როგორც კახა კოჟორიძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც გაჩნდა ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის შესაძლო გაყიდვის ან ახალი ჰოლდინგის შექმნის შესახებ, მათ მიმართეს სასამართლოს და ტელეკომპანიის ქონების გაყიდვის აკრძალვა, ასევე მისი დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვა მოითხოვეს.
მისი თქმით, დვალმა და აქიმიძემ ასევე მოითხოვეს ტელეკომპანიის ქონების დაყადაღება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე.
ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აწ გარდაცვლილ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად 1994 წელს დააფუძნეს. 2019 წელს მათ სასამართლოს გზით 60-პროცენტიანი წილის დაბრუნება მოითხოვეს, რომელსაც ისინი ტელეკომპანიის პაატა კარსანიძისთვის მიყიდვის დროს (2004 წელს) ფლობდნენ. მოგვიანებით კარსანიძემ ტელეარხი ქიბარ ხალვაშს მიჰყიდა.
აქიმიძე და დვალი ამტკიცებენ, რომ მათ 2004 წელს წინა ხელისუფლებამ ტელეარხის წილები ზეწოლით დაათმობინა. 2003 წლიდან დაწყებული „რუსთავი 2" „ვარდების რევოლუციის" და შემდეგ მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარი საინფორმაციო მხარდამჭერი იყო. 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ იგი მთავარი ოპოზიციური არხი გახდა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აქიმიძემ და დვალმა პროკურატურას მიმართეს, უწყებამ ისინი დაზარალებულად ცნო, თუმცა გამოძიება დღემდე არ დასრულებულა.
2004 წლის შემდეგ „რუსთავი 2"-მა არაერთხელ შეიცვალა მფლობელი. 2015 წელს სასამართლოს სარჩელით ქიბარ ხალვაშმა მიმართა. მან ტელეკომპანიის იმდროინდელი მფლობელებისგან 100%-იანი წილის დაბრუნება მოითხოვა და პირობა დადო, რომ საქმის მოგების შემთხვევაში დვალსა და აქიმიძეს 50%-იან წილს დაუთმობდა. მაშინ მათ, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ტელეკომპანიაზე პრეტენზიას არ გამოთქვამდნენ.
ხალვაშმა ქართული სასამართლოს სამივე ინსტანციაში დაამტკიცა, რომ 2006 წელს მას ტელეკომპანია იძულებით დაათმობინეს და ის კანონიერ მფლობელს, ანუ მას უნდა დაუბრუნდეს. მოგვიანებით ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ქართულ სამართალწარმოებაში დარღვევა ვერ იპოვა.
შედეგად, 2019 წლის 18 ივლისს „რუსთავი 2" ხალვაშისა და მისივე კომპანია „პანორამას" მფლობელობაში გადავიდა.