თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ქართული ოპოზიცია შაბათს სამომავლო მოქმედებების ახალ გეგმას გამოაცხადებს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე.
ოპოზიცია 20 მარტს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა. თუმცა, მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსთან“ მოლაპარაკებების გამო აქცია გააუქმა. ხუთშაბათს მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესი უშედეგოდ დასრულდა.
„ჩვენ გავაუქმეთ ყველა აქცია და, მათ შორის, უარი ვთქვით 20 მარტს დაგეგმილ აქციაზე, თუმცა, ხვალიდან ჩვენ გადავდივართ მოქმედების ახალ რეჟიმზე და ახალ ტალღაზე, ამიტომ ჩვენს გეგმას, თუ რას ვაპირებთ უახლოეს მომავალში და როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ამის შესახებ ხვალ, 12:00 საათზე გამოვაცხადებთ რუსთაველზე“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
აქციების გამართვასთან დაკავშირებით მიუხედავად ოპოზიციის უარისა, პარლამენტის შენობასთან ამ დრომდე რჩება თებერვლის ბოლოს დადგმული კარვები, რომელთა რიცხვიც ამ დროისთვის 18–ია.
ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისთვის საქართველოში ჩამოვიდა კრისტიან დანიელსონი, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, ერთადერთი მისიით – ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძიება.
მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატი საქართველოში დაგეგმილზე მეტხანს დარჩა, მხარეების პოზიციების დაახლოება მაინც ვერ მოხერხდა. მოლაპარაკებები, რომელიც გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო, ათ საათზე მეტხანს გაგრძელდა. თუმცა, არაფერი შეცვლილა – ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს, რაზეც ხელისუფლება არ თანხმდება.
ამასთან, მხარეები მოლაპარაკებების ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.