თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომლის თანახმადაც ახალი პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე გახდა.
საკუთარი გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა ყრილობაზე დაფიქსირებული რაგბის კავშირის წესდების დარღვევით ახსნა. წესდების თანახმად, ყრილობაზე დელეგატებს უნდა განეხილათ 30 დეკემბრის ყრილობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მაგრამ 10 მარტის სხდომაზე სულ სხვა საკითხები განიხილეს.
„ყრილობაზე დამტკიცებული წესდების ახალი რედაქცია ვერ იქნება მიჩნეული მოქმედი კანონმდებლობისა და რეგისტრირებული წესდების მოთხოვნათა დაცვით მიღებულ დოკუმენტად, რამდენადაც წესდების ცვლილება წარმოადგენს იმ საკითხს, რაც დღის წესრიგში არ შედიოდა და რისი განხილვის უფლებაც კრებას არ ჰქონდა“, – ნათქვამია რეესტრის განცხადებაში.
საჯარო რეესტრმა ახლადარჩეულ პრეზიდენტ სოსო ტყემალაძეს დრო მისცა დარღვევების აღმოსაფხვრელად.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც რეესტრი უარს აცხადებს რაგბის კავშირის პრეზიდენტის რეგისტრაციაზე. პირველად 30 დეკემბერს აღნიშნულ პოსტზე რაგბის ვეტერანი ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს, რომელიც რეესტრმა არჩევნების ვადებთან დაკავშირებული ხარვეზების გამო არ დაარეგისტრირა. ამის შემდეგ კავშირის ახალი ყრილობა და პრეზიდენტის ახალი არჩევნები დაინიშნა, რამაც რაგბის კავშირში სერიოზული განხეთქილება გამოიწვია.
გასულ კვირაში რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები აბუსერიძისა და ტყემალაძის მომხრეების დაპირისპირების ფონზე ჩატარდა.