ირაკლი აბუსერიძე საქართველოს რაგბის კავშირში არჩევნების შედეგებს არ ცნობს

© photo: Irakli Abuseridze / FBირაკლი აბუსერიძე
ირაკლი აბუსერიძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გამოწერა
სპორტულ ორგანიზაციაში ორი დაპირისპირებული ბანაკია და თითოეულს პრეზიდენტის სავარძელში საკუთარი წარმომადგენლის ხილვა სურს

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ დღევანდელი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმური უწოდა.

დღევანდელი არჩევნების შედეგად საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად 42 ხმით სოსო ტყემალაძე აირჩიეს. იგი ერთადერთი დარეგისტრირებული კანდიდატი იყო. არჩევნები ჩხუბისა და შეხლა-შემოხლის ფონზე წარიმართა.

  • ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად 2020 წლის 30 დეკემბერს აირჩიეს. არჩევნებიდან ერთ კვირაში ცხადი გახდა, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ აბუსერიძეს რეგისტრაციაზე უარი განუცხადა, ვინაიდან მიიჩნია, რომ ყრილობა წესების დარღვევით ჩატარდა.

როგორც აბუსერიძემ აღნიშნა, „ოჯახის“ საქმეში გარეშე პირები ჩაერივნენ.

„აქ არ არის ირაკლი აბუსერიძეზე საქმე, აქ არის ქართული რაგბის ღირსებაზე საუბარი და იმ ღირსეულ ადამიანებზე, ვინც ჯანმრთელობა შესწირეს და ვიღაცებმა კომფორტი მოირგეს. ეს არის სამწუხარო და მაგას არ ვაპატიებთ“, - განაცხადა აბუსერიძემ.

მისი სიტყვებით, რაგბის კავშირის წარმომადგენლებს შორის ჯერ არასდროს მდგარა პოლიციის კორდონები. 

არეულობა და დაპირისპირება საქართველოს რაგბის კავშირის სხდომის მსვლელობისას - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
არეულობა და დაპირისპირება საქართველოს რაგბის კავშირის სხდომის მსვლელობისას – ვიდეო

„გვიჩხუბია, ნათლიებიც ვართ, ერთი ოჯახი ვართ. ხდება, სპორტსმენები ვართ, როცა მოთამაშე ხარ, ძალა გერჩის, მაგრამ ასეთი რამ ჩვენს სამყაროში არასდროს არ ყოფილა", - აღნიშნა მან.

ირაკლი აბუსერიძის მომხრეები უკვე დიდი ხანია აქტიურად გამოთქვამენ პროტესტს რაგბის კავშირის არჩევნებთან დაკავშირებით და ყველანაირად ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ პრეზიდენტად სხვა კანდიდატურის არჩევას. ისინი აცხადებდნენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ რაგბის კავშირის შიდა საქმეებში ერევა და პრეზიდენტის პოსტზე „თავისი კაცის“ გაყვანას ცდილობს.

სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, აბუსერიძისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზი არჩევნების ჩატარების არასწორი ვადები იყო. საქართველოს რაგბის კავშირმა პირველი კრება 2020 წლის 24 თებერვალს ჩაატარა, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო კრება არ შედგა. კავშირის წესდების თანახმად, მომდევნო კრება უნდა ჩატარებულიყო არაუგვიანეს 30 დღისა პირველი კრების შემდეგ. თუმცა განმეორებით კრება 10 თვის შემდეგ გაიმართა, რაც ირაკლი აბუსერიძისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0