თბილისი, 17 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში მოლაპარაკებებს მართავენ, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები გამონახონ.
შეხვედრა თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმართება. შეხვედრის მედიატორი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონია.
შეხვედრაზე მმართველ პარტიას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე წარმოადგენენ.
„დღეს ამ ფორმატში, ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით პირველი შეხვედრა ტარდება. შეხვედრაზე რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციის მხრიდან შეხვედრას ესწრებიან: აკაკი მინაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ხათუნა სამნიძე („რესპუბლიკური პარტია“), გიგა ბოკერია („ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“), ზურაბ ჯაფარიძე („გირჩი – მეტი თავისუფლება“), ალეკო ელისაშვილი („მოქალაქეები“) და გოჩა თევდორაძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“).
შეხვედრის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათი მოთხოვნების შესრულების საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებენ.
„იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისი გადაიჭრას, უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა.
დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია და მთელი ეს პერიოდი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს – შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმას განიხილავს. გეგმა ხუთი ძირითადი პუნქტისგან შედგება: ამბიციური საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური მართლმსაჯულების შეჩერება, ძალების გადანაწილება პარლამენტში და პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის.
როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა გუშინ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დანიელსონი უახლოეს დროში მხარეებს პოლიტიკური კრიზისის დაძლევისთვის კონკრეტული წინადადებებით მიმართავს.
დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს მათ შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლება განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.