„მამა ხშირად მესიზმრება. მას ისევ შორიდან ვუსმენ. სიზმარში სულ მთაში ვართ“ – ეს ქრისტინე ლონგიშვილია, რომელშიც მამის შემოქმედებითმა გენებმა სულ სხვა კუთხით იჩინა თავი, ხელით შექმნილ ნივთებში მშობლიური კუთხისა და სილამაზისადმი მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება აისახა. მის ნამუშევრებს მსოფლიოში მიმოფანტული თუში ემიგრანტები უცდიან. ბოლო დროს კი მისი შემოქმედებით იტალიელებიც დაინტერესდნენ...
- ქალბატონო ქრისტინე, როგორი იყო თქვენი ბავშვობის ზღაპარი?
- მართლაც ყველა ბავშვს თავისი ზღაპარი აქვს. ჩემი ზღაპარი ერთ ზაფხულს დაიწყო და მერე ყოველ ზაფხულს გრძელდებოდა, რადგან საქართველოს სამოთხეში - თუშეთში ყოფნა მიწევდა. ასე ვმოგზაურობდი ამ ზღაპარში. ჩემი ცნობიერება თუშეთის ულამაზეს წოვათის ხეობაში დაიწყო და შემდეგ ასე გაგრძელდა ალაზნის თავში და ტბათანაში. იმ ადგილებიდან ულამაზესი წლები და მოგონებები დამრჩა.
- თქვენს ყველაზე ადრინდელ მოგონებაში როგორ ჩნდება?
- ერთ ფოტოზე წოვათის ხეობის ინდურთის ციხეები მოჩანს. ფოტოზე სწორედ იმ ადგილზე ვდგავარ, სადაც ჩემი ზღაპარი დაიწყო. ის ფოტო გადაღებულია 2010 წელს, ზუსტად ორმოცი წლის შემდეგ, რაც იმ ზღაპრიდან გამოვედი...
- იმ ადგილს დიდობისას ხშირად უბრუნდებოდით?
- დღე, რომელიც გამახსენდა, დაუვიწყარია ჩემთვის, რადგან მაშინ იქ დაბრუნებისას ხსოვნაში ბავშვობის კადრები გაჩნდა. დავდიოდი ნანგრევებს შორის და მახსენდებოდა ყველაფერი, რაც მასულდგმულებდა - ყველაფერი იქვე იყო: ბილიკი, რომელმაც წყაროსთან მიმიყვანა, წყაროც ისევე მოწანწკარებდა, მდინარის გაღმა იყო დიდი ლოდი, ნანგრევებსაც თითქოს კენჭიც არ მოსცილებია. წინ დიდი მდელო, ზემოთ სალოცავი - ჩვენი ბერი სამება. წამით ცოცხლდება დოღის კადრები. მერე სალოცავი, წინ გაშლილი გრძელი სუფრა და ფეხზე წამომდგარი მამა, დღეობის თამადა - იოსებ ლონგიშვილი თავისი პოეტური სიტყვებით...
- ბუნებრივია, მამის როლი შეუფასებელია, მაგრამ მის გარდა ვინ მოახდინა თქვენზე გავლენა?
- მამამ მართლაც დიდი როლი ითამაშა ჩემ განვითარებაში. ქართული ლიტერატურა, პროზა და პოეზია ბავშვობიდანვე მიყვარდა. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ სკოლაში ძალიან კარგი ქართულის მასწავლებლები მყავდა. მათ ყველა შეგონებას ყურადღებით ვუსმენდი. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ხშირად მიწევდა გამოსვლა სოფლის თუ რაიონის ფართო საზოგადოების წინაშე, მიმყავდა შეხვედრები და საღამოები. ალბათ ამიტომ დღემდე ყველას ჰგონია, რომ ფილოლოგი ვარ. სინამდვილეში გეოგრაფი ვარ და ამაში დიდი წვლილი ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელს მარო აზიკურს მიუძღვის.
- თავად სად ასწავლიდით გეოგრაფიას?
- ზემო ალვანის პირველ საჯარო სკოლაში გეოგრაფიას 28 წელი ვასწავლიდი. მოსწავლეებს ვაცნობდი მსოფლიოს, მათ შორის იტალიის ღირსშესანიშნაობებს. გაგიკვირდებათ და აქაურ ადგილებს ვერ აღვიქვამ როგორც საოცრებებს, მე რომ მოგზაური მერქვას, იტალიის დახასიათების დროს ალბათ სხვებისგან განსხვავებულ პასუხს გაგცემდით.
- თქვენი აზრით, როგორ შეხვდებოდა მამა თქვენს გადაწყვეტილებას, რომ იტალიაში ჩასულიყავით სამუშაოდ?
- ძალიან არ მინდოდა საქართველოს დატოვება და სხვებსაც ვურჩევდი, რომ არ დაეტოვებინათ სამშობლო, მაგრამ მომიწია ამის გაკეთება. მამას რაც შეეხება, წარმომიდგენია, როგორ გამიბრაზდებოდა, როცა ჩემს გადაწყვეტილებას ვაცნობდი... ამჟამად ვიმყოფები იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ ტრიესტეში, ლამაზი ზღვისპირა ქალაქია.
- გაგიჭირდათ უცხოეთში ყოფნა, რაიმე შიში ხომ არ გაგიჩნდათ?
- მეცხრე წელი მიდის რაც აქ ვარ, მაგრამ უცხო ქვეყანაში ყოფნას ვერასდროს შევეგუები. არავის ვუსურვებ იმ ტკივილის და მონატრების განცდას, რაც ემიგრაციის პირველ წლებში მქონდა. როცა ქუჩაში დგახარ და ფიქრობ – აქ რა მინდა?!. მერე შიშიც გაჩნდა, რადგან დავიწყე იმაზე ფიქრი, თითქოს გავწყვიტე კავშირი ჩემს თუშეთთან, თითქოს დავიკარგე კიდეც...
- მამის ლექსებში თუ იპოვეთ მსგავსი განცდა?
- ერთი სტროფი მახსენდება მამის ლექსიდან „მთებო”:
„შეიძლებოდეს, მე თქვენს ქარაფებს,
მთებო, ამ გულში დავიმარხავდი,
არ მინდა მაგ თქვენ უბეს მოვშორდე,
არ მინდა გითხრათ "მთებო, ნახვამდის!"
- ალბათ ქარგვაც ამიტომ დაიწყეთ, ეს თავის გადარჩენის საშუალებაა თქვენთვის?
- სწორედ გადარჩენის გზების ძიების დროს აღმოვაჩინე ჩემი შესაძლებლობები. მეგობართან ერთად გადავწყვიტე ეს ძაფი თუშეთთან ჩემი ნამუშევრებით გამება და დავიწყე ქარგვა. გადავწყვიტე გამეკეთებინა მოქარგული საკიდები თუშეთის სოფლების წარწერებით. დღეს ბევრი შეკვეთა მაქვს საქართველოდან, ასევე თუში ემიგრანტებისგან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. სხვათა შორის, რამდენიმე წელი იტალიაში მე და ჩემი ნათესავი და თანაკლასელი, ექიმი თამილა წოტოიძე ერთ ქალაქში ვიყავით და ეს გვიადვილებდა უცხოეთში ყოფნას. დღეს სხვადასხვა ქალაქში ვართ, დღეს ის აქ შვილებთან ერთადაა.
- როგორ აისახა თქვენი სურვილი, რომ ქარგვით გამოგეხატათ თუშეთის მონატრება?
- დღეს ვქარგავ მხოლოდ იმას, რაც არავის დაუქარგავს და მხოლოდ ჩემია: ჩემი შვილი, ჩემი თუშეთი... ჩემი და ჩემი... არ მიყვარს ბევრჯერ დაქარგულის გამეორება, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე. ჩემს ნაქარგებში განსაკუთრებით გამოვარჩევდი ჩემი შვილის თამარის ნაქარგს. ასევე ვამზადებ ხელჩანთებს, ზურგჩანთებს, ყველანაირ ჩანთას. ჩემი სამკაულებით და ჩანთებით იტალიელებიც დაინტერესდნენ და მათგან შეკვეთებიც მქონდა. ამას მოჰყვა სამკაულები სუტაჟის და შიბორის ტექნიკით.
- როგორია ფიქრები მამაზე?
- როცა დავფიქრდები, სულ მამაზე ვფიქრობ, ვნერვიულობ თუ ვინმესთან ვსაუბრობ, ისევ მამის თემას ვუბრუნდები. მახსენდება რამდენი ტკივილი გადავიტანეთ უზენაესი სასამართლოს განაჩენამდე. ტკივილიანი წავიდა მამა, ვერ მოესწრო „შატილის ასულოს" საავტორო უფლების აღიარებას. მამამ დედას რამდენიმე ლექსი მიუძღვნა, მათ შორის „იქ დამრჩა ტიალი გული", რომელიც დღეს ამღერდა კიდეც. ბევრმა არ იცის და სიმღერის „რა ლამაზია თუშეთი" ლექსიც მამის დაწერილია.
- რაც იტალიაში ხართ თუ დაგესიზმრათ?
- ხშირად... მამა ხშირად მესიზმრება, მას ისევ შორიდან ვუსმენ. სიზმარში სულ მთაში ვართ, როგორც ადრე, ვითომ ისევ ის ბავშვობის ნაწნავებიანი ქრისტინე ვარ ფოტოდან და ისევ მთის ცერზე ვდგავარ. დღეს კარგად ვიცი, რომ ადამიანის ცხოვრებაში მთავარი სიკეთის კეთება და სიყვარულია, კიდევ ის, რომ არასდროს დაივიწყოს სად არის მისი ფესვები...