თბილისი, 15 მარტი – Sputnik. ვაქცინა ესაა ერთ-ერთი საშუალება, რათა შევაჩეროთ და დავძლიოთ პანდემია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას სამედიცინო პერსონალი ექვემდებარება. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.
„ეპიდემიის დასრულების დასაწყისი“: იმნაძე კორონავირუსის ვაქცინით საჯაროდ აიცრა>>
როგორც ცერცვაძემ განაცხადა, კოვიდ-ვაქცინაციის დაწყების დღე საქართველოსთვის ისტორიულია. მან მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოუწოდა.
„გთხოვთ ყველას, გეხვეწებით, თავი დაანებეთ და ნუ უსმენთ დემაგოგიას... ის არ იქნება ისეთი სახიფათო. კოვიდთან ნუ ვხუმრობთ, ცეცხლს ნუ ვეთამაშებით და ყველამ გავიკეთოთ ვაქცინა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძემ AstraZeneca-ს ხარისხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა.
„ესაა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა, რომლითაც ექსკლუზიურად იცრება მთელი ინგლისი და ასევე ევროკავშირის ქვეყნები. 50-ზე მეტ ქვეყანაში იყენებენ ამ ვაქცინას. ესაა სამი ვაქცინიდან ერთ-ერთი, რომელსაც საერთაშორისო აღიარება აქვს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
დღეს პირდაპირ ეთერში ვაქცინაცია უკვე ჩაიტარეს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და სამედიცინო სფეროს სხვა წამყვანმა ექიმებმა.
სამედიცინო პერსონალის შემდეგ ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულია მოხუცთა თავშესაფრების ხანდაზმულების ჯგუფი და მათი მომვლელი პერსონალი – დაახლოებით 2000 ადამიანი. შემდეგ კი ვაქცინაცია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გაგრძელდება – 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.
ვაქცინაციას სახელწიფო სრულად დააფინანსებს.