თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოში ცხელი ხაზი (1522) ამოქმედდა, რომელზეც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ სათანადო ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა. ზარი უფასოა.
საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. დაპირებულ Pfizer-ის ვაქცინას ქვეყანა მარტის ბოლოსთვის ელოდება.
საქართველოში ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალს ჩაუტარდება. ამ დროისათვის ვაქცინაციის ჩასატარებლად 2 ათასამდე მედიკოსია დარეგისტრირებული.
ეპიდემიოლოგების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ წელს საქართველო მოახერხებს 1,6–1,7 მილიონამდე ადამიანის აცრას, ქვეყანა შეძლებს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.