თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს საზედამხედველო და მარეგულირებელ უწყებებს შორის ანგარიშგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
მემორანდუმი მიზნად ისახავს საზედამხედველო და მარეგულირებელ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას, რაც მოიცავს ფინანსურ და მმართველობის ანგარიშგებასთან დაკავშირებული საკითხების ერთობლივ განხილვასა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.
მემორანდუმის ხელმომწერი უწყებები არიან: საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.
სტრუქტურები შეთანხმდნენ, რომ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ფონდის (IFRS Foundation) რეკომენდაციების ფარგლებში იმოქმედებენ. ეს რეკომენდაციები გულისხმობს უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ინტერპრეტაციების შემუშავებას და კერძო შემთხვევების განხილვას არ მოიცავს.
მემორანდუმის საფუძველზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში პროფესიის წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა პირები შევლენ. სხვა საქმიანობასთან ერთად, სამუშაო ჯგუფი აქტუალურ და საინტერესო საკითხებზე სახელმძღვანელოებსა და სხვა პუბლიკაციებს გამოაქვეყნებს.