თბილისი, 14 მარტი – Sputnik. 14 მარტის მდგომარეობით COVID -19-ზე ვაქცინაციისთვის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში ვიზიტი 1449 მედპერსონალს აქვს დაჯავშნილი, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
საქართველომ 13 მარტს COVAX-პლატფორმის საშუალებით მიიღო COVID-19-ს საწინააღმდეგო AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის პირველი პარტია – 43.200 დოზა. ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში დღეს უნდა დასრულდეს. ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით 15 მარტს დაიწყება და პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).
თუ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირი რეგისტრირებულია სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში და მას ბოლო 120 დღის მანძილზე არ უფიქსირდება კორონავირუსზე ინფიცირების სტატუსი, მას შეუძლია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში.
სამედიცინო პერსონალის შემდეგ ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულია მოხუცთა თავშესაფრების ხანდაზმულების ჯგუფი და მათი მომვლელი პერსონალი - დაახლოებით 2000 ადამიანი. შემდეგ კი ვაქცინაცია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გაგრძელდება - 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.
ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მას სახელწიფო სრულად დააფინანსებს.