თბილისი, 13 მარტი – Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში პოლიციამ გახსნა ტრეფიკინგის ფაქტი, რომელმაც დაზარალებულის გარდაცვალება გამოიწვია, ნათქვამია გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გულისხმობს ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგი), ჩადენილს სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულმა 2019 წელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.ფ. სამუშაოდ მასთან სოფელში დროებით სარგებლობაში მქონე ფერმაში მიიწვია და საცხოვრებლად სათანადო პირობებს დაჰპირდა.
დაპირების მიუხედავად, ბრალდებულმა მასთან სამუშაოდ მისულ ა.ფ.-ს პასპორტი ჩამოართვა, მკაცრად უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას, საცხოვრებლად განათავსა საქონლისთვის განკუთვნილ სადგომში, ასევე ფიზიკურად ძალადობდა მასზე და მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩააყენა.
გამოძიების მიხედვით, 2021 წლის 10 თებერვალს ბრალდებულმა ფიზიკურად იძალად თავის მუშაკზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა მიიღო.
„ნაცვლად იმისა, რომ ჯ.ნ.-ს უზრუნველეყო დაზარალებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა, აგრძელებდა მასზე ფიზიკურ ძალადობას და აიძულებდა მუშაობას, რის გამოც 7 მარტს კვლავ ფიზიკურად გაუსწორდა მას. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ფ. 10 მარტს გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბრალდებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ჯ.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.