თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ტრეფიკინგის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში აამოქმედა კამპანია „უხილავნი ჩვენს შორის“, იუწყება პირველი არხი.
ორგანიზაციამ წარმოადგინა ინსტალაცია „უხილავნი ჩვენს შორის“, რომელშიც ტრეფიკინგის რეალური ისტორიებია ასახული. ინსტალაციები ბესარიონ გაბაშვილის სახელობის დასვენებისა და კულტურის პარკში 3 აგვისტომდე იქნება განთავსებული.
კამპანიის მიზანია ქუჩაში მოწყალების მთხოვნელი ბავშვების პრობლემების განხილვა და დახმარების გზების ძიება
ღონისძიებაში სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Walk Free Foundation 2018 წლის „გლობალური მონობის ინდექსში“ საქართველო მე-80 ადგილზე დააყენა. კვლევის თანახმად, საქართველოში 17 ათასი ადამიანი წარმოადგენდა მონას.
იმავე წელს, თანამედროვე მსოფლიოში მონობის პრობლემას თბილისში მიუძღვნეს ინსტალაცია, რომელიც რუსთაველის გამზირზე განთავსდა. ეს ინსტალაციაც იგივე სახელწოდებას ატარებდა - „უხილავნი ჩვენს შორის“.
სახელწოდება მრავლისმეტყველია, რადგან ადამიანები ხშირად ვერ ამჩნევენ გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანებს, რომლებიც მონობის მსხვერპლად იქცნენ.
მსგავსი ინსტალაცია პირველად შეიქმნა უკრაინაში 2014-2015 წლებში. 2016-2017 წლებში იქ მოლდოვასა და ბელარუსში წარმოადგინეს. ის ტრეფიკინგთან ბრძოლის საუკეთესო ინიციატივად აღიარეს.