თბილისი, 13 მარტი – Sputnik. საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (42–ე ნომერი АТР–ს რეიტინგში) დოჰას (კატარი) ტურნირი (სერიიდან АТР-250) - Qatar ExxonMobil Open მოიგო.
ფინალში ბასილაშვილის მეტოქე იყო ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი, რომელსაც ქართველმა ორ სეტში მოუგო – 7:6, 6:2. მატჩი საათი და 30 წუთი გაგრძელდა. ბასილაშვილი და ბაუტისტა აგუტი ერთმანეთს უკვე ხუთჯერ შეხვდნენ. ჯერჯერობით ესპანელი იგებს – 3:2.
„როდესაც დოჰაში ჩამოვფრინდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, ტურნირს რომ მოვიგებდი. მინდა მადლობა გადავუხადო რობერტოს კარგი ტურნირის ჩატარებისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი ყატარის სახელმწიფოს ასეთი ტურნირის ორგანიზებისთვის და ჩემს გუნდს“, - განაცხადა ბასილაშვილმა მატჩის დასასრულს.
ამის შემდეგ ჩოგბურთელმა სთხოვა ორგანიზატორებს რამდენიმე სიტყვა ქართულად ეთქვა.
„ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, რომ შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხარ. ძალიან მიყვარხარ და მენატრები. მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს გვერდით დგომისთვის“, - თქვა ნიკოლოზმა.
ნახევარფინალში ბასილაშვილმა ორ სეტში დაამარცხა ამერიკელი ტეილორ ფრიცი (7:6, 6:1). ხუთშაბათს კი ნიკა ბასილაშვილი დოჰას ტურნირზე სენსაციის ავტორი გახდა – მან მეოთხედფინალში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი (6) დაამარცხა სამ სეტში – 3:6, 6:1, 7:5.
კატარში გამართულ ტურნირზე გამარჯვების შედეგად ბასილაშვილმა გამოიმუშავა 250 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 70 ათასი დოლარი. ცალსახაა, რომ АТР–ს რეიტინგში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდება, ბასილაშვილი რამდენიმე პოზიციით დაწინაურდება და მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების ტოპ–40–ს დაუბრუნდება.
ბასილაშვილისთვის АТР-ს სერიის ტურნირებზე ეს უკვე მეოთხე წარმატებაა. მანამდე მან ორჯერ მოიგო ჰამბურგში (2018, 2019) და ერთელ პეკინში (2018).