სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. მათ შემოქმედებით ნიჭს, ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია.
ქალბატონი ჯული ჭელიძე საქართველოდან საცხოვრებლად ციმბირში, კრასნოიარსკში გადავიდა და საამისოდ ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა.
ეს მისი ცხოვრების ისტორიაა...
„ჩემი ამბავი ასეთია: თბილისში ვაკეში ვცხოვრობდით და კერძო ბიზნესი გვქონდა. თავის დროზე ისეთი პროფესია ვერ ავირჩიე, როგორიც მინდოდა. მეც და ჩემი მეუღლეც ფიზიკოსები ვართ. ისეთი გაქანებისა და შესაძლებლობების ვიყავი, ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ არა გარემოებები, ალბათ წარმატებული ქალი ვიქნებოდი...
არც ისე შორეულ წარსულში პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი გავხდით და ყველაფერი წაგვართვეს. ჩემი მეუღლე მეხუთე წელია აქ არის და ოფიციალურად მუშაობს. შვილები თბილისში არიან, ისინიც მუშაობენ და თავს კარგად გრძნობენ. მეც კარგად ვარ აქ. შეიძლება ბევრმა არც დაგვიჯეროს, მაგრამ ფაქტია, ციმბირში ადგილობრივებს ძალიან ვუყვარვართ და პატივს გვცემენ, საერთოდ ქართველები ძალიან უყვართ...
თბილისში ჩემი უბანი, ჩემი აღმართიც კი მენატრება. კიდევ მეზობლები, პატარასა და დიდთან დღემდე ყოველდღიური კავშირი მაქვს. მათთან ერთად დილაობით ყავის სმა მომენატრა – მთელი უბანი ჩემთან იკრიბებოდა. ჩემი შვილიშვილები მენატრება. კიდევ ზღვა, ჩემი სახლი გრიგოლეთში, რომელიც, მგონი, თბილისზე მეტად მიყვარს... საერთოდ სიცხეს სიცივე მირჩევნია, აქ, ციმბირში, თუ ბანალური ნათქვამი არ იქნება, ერთმანეთის სითბო და სიყვარული გვათბობს, ოღონდ მართლა... აქ ისეთი ერთგული და ალალი ხალხი ყოფილა, მანამდე რომ ვერც წარმოვიდგენდი. მათ გამო თავი ზოგჯერ საქართველოში მგონია. აქაც, ისევე, როგორც თბილისში, დილაობით მეზობლები ერთად ვსვამთ ყავას, როცა რამეს გააკეთებენ, ერთმანეთისთვის საჭმელების მიწოდებაც ქართველებივით უყვართ.
დღეს თითქოს არაფერი მაკლია, მაგრამ მაინც ყველა და ყველაფერი მენატრება... სულ თვალწინ მიდგას რაჭაში დაკეტილი ჩემი სახლი. ბოლო დროს მაინც, ეტყობა, სიბერე შემომეპარა, ისეთი ნოსტალგია და სევდა შემომაწვება ხოლმე, რომ ძლივს ვუმკლავდები...