თბილისი, 12 მარტი – Sputnik. ქარიშხლისა და ცუდი ხილვადობის გამო გომის მთაზე ჩარჩენილთა მოსაძებნად სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა ვერ ხერხდება, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
მაშველების ათკაციანი ჯგუფი უკვე რვა საათია, გომის მთაზე ადამიანების გადასარჩენად ადგილამდე მიღწევას ცდილობს. თოვლის საფარი თითქმის ორ მეტრს აღწევს. მაშველებს თოვლში ფეხით უწევთ გავლა.
„სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება. ადგილზე ძლიერი ქარბუქია და მხედველობა არ არის“, – ნათქვამია განცხადებაში.
პარასკევს, დილით „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ოთხი ახალგაზრდა მთებში სანადიროდ გაემგზავრა და იქ ჩარჩა. ერთი ახალგაზრდა გაიყინა, სამი კი დამოუკიდებლად ვერ ჩამოდის.