თბილისი, 12 მარტი – Sputnik. გურიის რეგიონში, კურორტ გომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
წინასწარი ინფორმაციით, კურორტზე კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფება, რომლებიც შველას ითხოვენ.
ტელეკომპანის ცნობით, გომისმთაზე ახალგაზრდები სანადიროდ იმყოფებოდნენ და სწორედ ისინი დაუკავშირდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და ერთი ადამიანის გაყინვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
„შემოსულია შეტყობინება, რომ გომის მთაზე ადამიანია გაყინული. მობილიზებულია 10-კაციანი სამაშველო ჯგუფი“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
გომისმთა გურიის რეგიონში, მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ეს არის კურორტი მინერალური წყლებით, ფიჭვის ტყეებითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით. ზღვის და მთის ჰაერის შერწყმა ასევე განაპირობებს ბუნებრივ პირობებს განსაკუთრებული სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით.
გომისმთა ცნობილია როგორც ღრუბლებისა და ნისლების ადგილი და ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს შორის პოპულარულია. გომისმთაზე დასვენების მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.