თბილისი, 12 მარტი — Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი ციხიდან სკანდალურ წერილებს გზავნიან, რომელსაც „TV პირველი“ ავრცელებს.
მსჯავრდებულები, რომელთაგან თითოეულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამბობენ, რომ უდანაშაულონი არიან, თავს პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ, ხოლო მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი იმის გამო გამოიტანა, რომ დაწინაურდეს.
„ეს საქმე არის რეზონანსული, ხალხი ითხოვდა პასუხს იმაზე, თუ როგორ გარდაიცვალა გიორგი შაქარაშვილი. იმის მაგივრად, რომ ბიძინა სტურუას სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო, უზენაესი სასამართლოს მანტია არჩია და თვალით რომ არ გვინახავს, ისეთი ბავშვის მკვლელობაში დამნაშავედ გვცნო. მინდა მივმართო იმ ხალხს, ვისაც ჯანსაღი აზრი გააჩნია, გამოდით და გააპროტესტეთ. რადგან ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის თქვენი შვილები, შესაძლოა ამ დამპალი სისტემის მსხვერპლი გახდეს”, – ნათქვამია ვახო ჩიქოვანის წერილში.
რაც შეეხება ნიკოლოზ რევაზიშვილს, ის გურამ ამირხანაშვილის დაკავებას ითხოვს. როგორც ის ამბობს, ამირხანაშვილმა ჩვენებაში იცრუა.
„ამირხანაშვილი პანაშვიდიდან ცოცხით გამოაგდეს, რატომ დატოვეო და მორალურად გაიპრავა თავი, ამათ ძალით წამომიყვანესო, ეგეც დასაჭერია და ზუსტად ერთ დღეში მოჰყვება სიმართლეს. მოსამართლე სტურუამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და უდანაშაულო ხალხი გაგვწირა 16 წლით”, – ამბობს ნიკოლოზ რევაზიშვილი წერილში.
არჩილ გაგნიძის მთავარი სამიზნე წერილში მირიან ნიკოლაძეა.
„გუშინ მე პროკურატურას ვაგინე და არა შვილმკვდარ დედას, მირიან შენ მიცვალებულების სულით მოვაჭრე ხარ”, – ამბობს გაგნიძე.
9 მარტს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და არჩილ გაგნიძეს 16–16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. კიდევ ორი არასრულწლოვნის მიმართ განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.
ვახტანგ ჩიქოვანის დედის ნინო გოგილაშვილის განცხადებით, საქმეს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო.
შაქარაშვილის საქმე სამ ნაწილად დაიყო: მკვლელობამდე მომხდარი ჩხუბების ეპიზოდები არასრულწლოვანთა მონაწილეობით (მათ მიმართ განაჩენი უკვე გამოტანილია), ჩხუბების სამი ეპიზოდი სრულწლოვანთა მონაწილეობით და უშუალოდ ფეხბურთელის მკვლელობა.
საქმეზე სულ 17 ადამიანის დაკავება მოხდა. უშუალოდ მკვლელობის ნაწილში 17-დან ხუთი ბრალდებული ფიგურირებს, აქედან ორი არასრულწლოვანია. გამოძიების ვერსიით, მათ შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, სადაც ის დაიხრჩო.