შაქარაშვილის საქმეზე გამოტანილი განაჩენი შესაძლოა სტრასბურგში გასაჩივრდეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისის სასამართლო
თბილისის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
გამოწერა
19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებამ ბრალდებულთა ოჯახის წევრებისა და ადვოკატების უკმაყოფილება გამოიწვია.

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირების ოჯახის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ, იუწყება „პირველი არხი“.

დღეს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და არჩილ გაგნიძეს 16–16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. კიდევ ორი არასრულწლოვნის მიმართ განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.

ვახტანგ ჩიქოვანის დედის ნინო გოგილაშვილის განცხადებით, საქმეს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„არ ველოდებოდი გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან მანქანაში ზეზვა და ვახო ისხდნენ, ვასოც იჯდა. თუ ვასოს არ წაუყენეს, მაშინ არც ამათ ეკუთვნოდათ... 2012 წელს ეს მთავრობა მოვიდა სამართლის აღსადგენად და ფსკერზე არიან. ეს არ არის სამართალი“, – განაცხადა ნინო გოგილაშვილმა.
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
დამნაშავეა! შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებს 16–16 წლით პატიმრობა შეეფარდათ

არჩილ გაგნიძის დამ კი საპროტესტო აქციების გამართვა დააანონსა.

„ყველაფერს სამართლებრივად მივხედავთ. საპროტესტო აქციებს ელოდოს მთელი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში“, – განაცხადა თიკა გაგნიძემ.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ გასული წლის 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო.

საქმის მასალები

გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა ჩხუბი, რა დროსაც სცემეს ვახტანგ ჩიქოვანს, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, საკუთარი დამცირებისთვის შურისძიება გადაწყვიტა. სწორედ ჩიქოვანმა მოიხმო თბილისიდან დასახმარებლად მეგობრები, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით რამდენიმე მანქანით წავიდნენ.

სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი–ლესელიძე–სენაკის ტრასაზე თბილისისკენ ფეხით მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფი ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოახერხა. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას დაიკარგა.

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2021
გიორგი შაქარაშვილის საქმის სამ ფიგურანტს შეიძლება ამნისტია შეეხოს

პროკურატურის ვერსიით, მცხეთა–თბილისის ტრასაზე, ჩხუბის ადგილზე 15-20 წუთის სხვაობით ორი ავტომობილი მივიდა. ავტომობილების მგზავრებსა და ახალგაზრდების ჯგუფს შორის, რომელთა შორის იყო გიორგი შაქარაშვილი, ორი ჩხუბი მოხდა. ამის შემდეგ შაქარაშვილი აღარავის უნახავს.

გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, ნათქვამია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, თუმცა იქვე მითითებულია, რომ გარდაცვლილს ბლაგვი-მკვრივი საგნით სიცოცხლეშივე მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანებები.

საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ 2020 წლის 11 აგვისტოს დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0