თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქორეოგრაფი გიორგი ალექსიძე სიკვდილის შემდეგ საქართველოში ნეოკლასიკური და თანამედროვე ბალეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქართული საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
დაჯილდოების ცერემონია გუშინ ორბელიანების სასახლეში – საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.
პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო ქორეოგრაფის მეუღლეს მარინა ალექსიძეს გადასცა.
სალომე ზურაბიშვილმა გიორგი ალექსიძის შემოქმედების განსაკუთრებულობასა და უნიკალურობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მის როლს ქართული ბალეტის განვითარებაში.
„ადამიანი, რომელიც ასეთ კვალს ტოვებს და რომლის მემკვიდრეობა გრძელდება და განახლებასაც განიცდის, არ კვდება. ამიტომ მე დღეს ცოცხალ ხელოვანს, ცოცხალ გიორგი ალექსიძეს ვაჯილდოებ – საქართველოს დიდ პატრიოტსა და დიდ ხელოვანს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
დაჯილდოების ცერემონიაზე გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასმა, რომელსაც გიორგი ალექსიძის ქალიშვილი მარიამ ალექსიძე ხელმძღვანელობს, წარმოადგინა გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის მიხედვით დადგმული ბალეტი „დოვინ დოვენ დოვი“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გოგი ალექსიძის ოჯახის წევრები, მეგობრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
ცნობილი ქართველი ქორეოგრაფი გიორგი ალქსიძე დაიბადა 1941 წელს. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. მისი, როგორც ბალერმაისტერის დებიუტი შედგა ლენინგრადის ფილარმონიის „კამერულ ბალეტში“, სადაც დადგა მინიატურების სამი პროგრამა: რამოსა და ბრიტენის, მოცარტისა და ფალიკის, მიიოსა და ბახის მუსიკაზე, რაც საბალეტო სამყაროში ავანგარდულ მოვლენად აღიარეს.
გოგი ალექსიძეს დადგმული აქვს 150-ზე მეტი სპექტაკლი: ბიძინა კვერნაძის „ბერიკაობა“; სულხან ცინცაძის „ანტიკური ესკიზები“; იოჰან სებასტიან ბახის „ჩაკონა“; ლეო დელიბის „კოპელია“; ოთარ თაქთაქიშვილის „ქორეოგრაფიული სიუიტა“; ფრიდერიკ შოპენის „ვარიაციები მოცარტის თემაზე“ და სხვ.
გიორგი ალექსიძე გარდაიცვალა თბილისში 2008 წლის 20 ივნისს. იმავე წლის სექტემბერში მოსკოვის სამხატვრო თეატრში ჩატარდა ბალეტმაისტერის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოები. წლის ბოლოს კი სანკტ-პეტერბურგში გამოვიდა მისი წიგნი – Балет в меняющемся мире („ბალეტი ცვალებად სამყაროში"), რომელზე მუშაობაც ქორეოგრაფმა სიკვდილამდე სულ რამდენიმე თვით ადრე დაამთავრა.