თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის მოტივებზე ბალეტი დადგეს. მას „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ კამერული დასი შეასრულებს.
„თბილისის თანამედროვე ბალეტი“ გამოჩენილი ქართველი ქორეოგრაფის გიორგი ალექსიძის შვილმა, ბალეტმაისტერმა მარიამ ალექსიძემ დაარსა. ის არის დასის სამხატვრო ხელმძღვანელი. ბალეტი თბილისის მერიის მხარდაჭერით შეიქმნა.
„Dovin, Doven, Dovli“-ს 5 და 6 ოქტომბერს, 19 საათზე შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე წარმოადგენენ. ამავე დღეს ბალეტი თავის პირველ სეზონს ხსნის, იუწყებიან ორგანიზატორები.
საბალეტო სპექტაკლს, რომელიც გალაკტიონის „მთაწმინდის ღამის“ მიხედვით შეიქმნა, თან სდევს ტაბიძის ორიგინალური აუდიოჩანაწერი. გარდა ამისა, მსახიობები ზაზა ლებანიძე, ზაზა პაპუაშვილი, მიხეილ ნანეიშვილი, მთარგმნელები გივი შახნაზარი და დავით წერედიანი ტაბიძის ლექსებს კითხულობენ.
ბალეტში გამოყენებულია კლოდ დებიუსის "მთვარის შუქი", გუსტავ მალერის ადაჟიო IX სიმფონიიდან, ალბან ბერგის ვარიაციები " ლულუ-სიუიტიდან".
იდეისა და ერთ-ერთი მინიატურის, კერძოდ, „მთაწმინდის მთვარის“ ქორეოგრაფიის ავტორი თავად გიორგი ალექსიძეა, რომელიც ამ ბალეტზე სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა.
თანამედროვე ბალეტის დამდგმელმა ქორეოგრაფმა მარიამ ალექსიძემ მამის საქმე გააგრძელა და დაასრულა.
სპექტაკლის პირველი ჩვენება ქართულ სცენაზე 2009 წელს გაიმართა. ახლა მაყურებელი სპექტაკლის განახლებულ ვერსიას იხილავს.
მოცეკვავეებს შორის არიან როგორც „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სოლისტები, ისე მოწვეული მსახიობები. მათ შორის: ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი დავით ანანიაშვილი და მაკედონიის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის წამყვანი სოლისტი ვასილ ახმეტელი.
კოსტიუმებზე მხატვარმა მაია ჯგუბურიამ იმუშავა.
გიორგი ალექსიძე (1941-2008) იყო ქართველი ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თეატრალური ხელოვნების რუსეთის აკადემიისა და ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის პროფესორი. გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიით დადგმული ბალეტებია: ბრიტენის „მეტამორფოზები“, იური ფალიკის „ორესტეა“, „სკვითური სუიტა“ პროკოფიევის მუსიკის მიხედვით, ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და სხვა.