თბილისი, 11 მარტი – Sputnik. სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე Sakura Award 13 ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
„იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ აქტივობებს 2014 წლიდან ახორციელებს. 2021 წლის მსგავსად, გასულ წლებში სხვადასხვა ქართულ ღვინოს „საკურას“ კონკურსზე არაერთი უმაღლესი ჯილდო აქვს მოპოვებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იყო იაპონიაში ცნობილი სომელიეებით, ღვინის მწარმოებლებითა და ჟურნალისტებით – წელს საკონკურსო ღვინოები 186-მა პირმა შეაფასა.
2021 წლის „საკურას“ კონკურსზე მედლები მიიღეს ღვინის კომპანიებმა: „მეღვინეობა ჯივიესი“ – ოთხი ოქრო, „შატო მუხრანი“ – სამი ოქრო, KindzmarauliCorporation Winery – ორი ოქრო, „მტევინო“ – 2 ოქრო, „შუხმანის ღვინოები" – ერთი ოქრო, „კომპანია ვაზიანი" – ერთი ოქრო და Pavilion wines – ერთი ვერცხლის მედალი.
საერთაშორისო კონკურსი The 8rd Sakura Japan Women’s Wine Awards 2021 მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მერვედ ჩატარდა. მასში 32 ქვეყნის 4 ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში სხვადასხვა ქართულ ღვინოს „საკურას“ კონკურსზე არაერთი უმაღლესი ჯილდო აქვს მოპოვებული.