თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის ღონისძიებებში სერტიფიცირებული პროფესიონალები ჩაერთვებიან, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Meiburg Wine Media-ს მიერ „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში ხუთი პროფესიონალი შეირჩა, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ჩაატარებენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და Meiburg Wine Media-ს პირველ ერთობლივ ოფიციალურ საგანმანათლებლო პროგრამას ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა.
სერტიფიკატი ღვინის ხუთმა პროფესიონალმა მიიღო, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში შეისწავლეს ქართული ღვინის წარდგენა, თეორია, დეგუსტაცია და პრაქტიკა, ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორია, კულტურა და ტრადიციები.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ბრუნვამ ჩინეთთან დაახლოებით 1,2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 10,4%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,5%-ით გაიზარდა.
ჩინეთი ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად რჩება, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით მიმდინარე წელს სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება.