თბილისი, 10 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და მარნეულში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნარკოტიკი მარილის ტომრებში: პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო>>
დაკავებულთა ასაკი 17-დან 45 წლამდე მერყეობს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებაში ედებათ.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები - 45 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ და ფული ნივთმტკიცებად ამოიღო.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა- შენახვისა და გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 8 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულთან ბრძოლას. უწყებამ 2020 წლის განმავლობაში 71 ნარკორეალიზატორი დააკავა, გამოავლინა ნარკოტრანზიტის სქემა და ამოიღო 40 კგ „ჰეროინი“. პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია.