შსს: რაგბის კავშირის ყრილობაზე ნებისმიერი პროვოკაცია აღკვეთილი იქნება

© Sputnik / Alexander Imedashvili Expo Georgia–ს ტერიტორია
 Expo Georgia–ს ტერიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გამოწერა
სპორტულ ორგანიზაციაში ორი ერთმანეთს დაპირისპირებული ბანაკია, თითოეულს პრეზიდენტის სავარძელში თავისი კანდიდატის ხილვა სურს.

თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, რათა რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მშვიდ გარემოში გაიმართოს.

რაგბის კავშირის ყრილობის გახსნამდე შსს-ს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში უწყება ყველა დაინტერესებულ პირს არჩევნების ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე ჩატარებისკენ მოუწოდებს. 

პოლიცია Expo Georgia–ს ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
რაგბის კავშირი ყრილობას მართავს – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

„შინაგან საქმეთა სამინისტრო რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე და დაინტერესებულ ყველა მხარეს მოუწოდებს, უზრუნველყონ საარჩევნო ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყრილობის დაწყება 13:00 საათზეა დაგეგმილი. არჩევნები საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში ჩატარდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

რაგბის კავშირის ყრილობა მიმდინარე წლის 24 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო ის გადაიდო. პრეზიდენტის პოსტი გასული წლის ზაფხულიდან ვაკანტურია.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად 30 დეკემბერს ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს, მაგრამ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ აბუსერიძეს რეგისტრაციაზე უარი განუცხადა, რის მიზეზადაც არჩევნების ჩატარების არასწორი ვადები დაასახელა.

კავშირის წესდებით, შემდეგი ყრილობა პირველი ყრილობიდან არაუგვიანეს 30 დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს. თუმცა ხელმეორე შეკრება მხოლოდ 10 თვეში გაიმართა, რაც გახდა კიდეც აბუსერიძისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზი.

ირაკლი აბუსერიძის მომხრეები აქტიურად აპროტესტებენ ამ გადაწყვეტილებას და ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეუშალონ პრეზიდენტად სხვა კანდიდატურის არჩევას. ისინი აცხადებენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ რაგბის კავშირის შიდა საქმეებში ერევა და პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატის არჩევას ცდილობს.

ყველა ახალი ამბავი
0