საქართველომ უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ კომპანიასთან  ხელშეკრულება გააფორმა

© photo: courtesy of Ministry of Economy of Georgiaკონტრაქტზე ხელმოწერა
კონტრაქტზე ხელმოწერა - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გამოწერა
დღეს ხელმოწერილი კონტრაქტით საქართველო იმ ქვეყნებს შეუერთდა, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის  ძებნა-ძიება მიმდინარეობს.

თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოს შავი ზღვის შელფზე აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანია OMV Petrom S.A ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს განახორციელებს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

საქართველოსა და OMV Petrom S.A-ს შორის შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვებაზე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელშეკრულება გაფორმდა.

კომპანია  OMV -ს შესასვლელი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კომპანია საქართველოს შელფზე ნავთობს მოძებნის

დოკუმენტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კვ.კმ), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალ ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.

კონტრაქტს ხელი მოაწერეს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა და OMV Petrom S.A-ის კომპანიის ბიზნესის განვითარებისა და კომერციულმა დირექტორმა ხოსე რაფაელ დუქუე-რამირესმა და ამავე კომპანიის ბიზნესის შეფასებისა და კვლევების დირექტორმა ბერნჰარდ კრაინერმა.

გიორგი ტატიშვილის განცხადებით, ხელშეკრულების საფუძველზე ეს უდიდესი კომპანია განახორციელებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს შავი ზღვის შელფში, საქართველოს ნაწილში.

„იმედი გვაქვს, რომ ძებნა-ძიება წარმატებით დასრულდება, ამის ყველა ინდიკაცია არსებობს როგორც გეოლოგიური, ასევე ტექნიკური. ეს, ბუნებრივია, დაკავშირებული იქნება საკმაოდ მნიშვნელოვან ინვესტიციებთან“, - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.

ხელმოწერის ცერემონიას  დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.     

„ასეთი დიდი და მაღალი რეპუტაციის მქონე, ძლიერი კომპანიის საქართველოში შემოსვლა სწორედ ახლა, როდესაც ჩვენი ეკონომიკა კოვიდის გამო სირთულეებს განიცდის, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ზოგადად უცხოელი ინვესტორების მიმართ“, - თქვა ნათია თურნავამ.

ევროპის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია საქართველოში ნავთობის მოპოვებით დაინტერესდა>>

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 25-წლიანი კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ პირველივე ეტაპზე ძებნა-ძიების პროცესში დამაიმედებელი სურათი გამოიკვეთება.

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, რისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი რესურსების დამუშავებაა, იქნება ეს წყალი, ნავთობი თუ გაზი“, - განაცხადა მინისტრმა.  

ხელმოწერამდე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კომპანია OMV Petrom S.A-ის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თანამშრომლობას ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი OMV-ის შვილობილ კომპანია OMV Petrom S.A-სთან და მზადაა, მხარი დაუჭიროს მას პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში 2020 წელს: მოცულობები და ქვეყნები

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად  შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი 2020 წლის 22 ივნისს ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია OMV PETROM S.A.

კომპანია განახორციელებს ორ და სამ განზომილებიან სეისმოსაძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე.

ანალოგიური პროექტის ღირებულება - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ  OMV-ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია.

რა უწყობს ხელს ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდას საქართველოში>>

შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან საძიებო ოპერაციები ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში. ძებნა-ძიების შედეგად აღმოჩენილია  ნახშირწყალბადების დიდი საბადოები რუმინეთსა და უკრაინაში, ახლოსაა კომერციულ აღმოჩენასთან ბულგარეთი, სადაც OMV PETROM კომპანია ოპერირებს. 2005–2019 წლებში გადასახადის სახით აღნიშნულ კომპანიას რუმინეთში გადახდილი აქვს 30.4 მლრდ ევრო.

ყველა ახალი ამბავი
0