თბილისი, 10 მარტი - Sputnik. „ნამახვანი ჰესების კასკადის“ პროექტის ფარგლებში მომზადებული გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასების (გზსშ) ანგარიშის აუდიტს დამოუკიდებელი საერთაშორისო კომპანია Ramboll განახორციელებს, ნათქვამია „ნამახვან ჰესის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, კომპანია Ramboll დამოუკიდებელი კონსულტანტის როლში განიხილავს პროექტის შესაბამისობას არსებულ ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებთან.
„ეს უზრუნველყოფს პროექტის ფინანსურ სტაბილურობას, ასევე იღებს ყველაზე მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გარანტიას, რომელიც როგორც სოციალურ და გარემოსდაცვით მდგრადობას, ასევე უსაფრთხოებასა და ტექნიკურ გამართულობას ეხება“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ნამახვან ჰესის“ პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობის კუთხით დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კონსულტანტის ჩართულობა საერთაშორისო ნდობის დასტური და იმის გარანტიაა, რომ ინვესტორი კომპანიის გსზშ ანგარიში და ნებართვები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
Ramboll მულტინაციონალური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1945 წელს დანიაში დაარსდა. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ჰიდროენერგეტიკის ყველა ასპექტს, მათ შორის - ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთა მომზადებასა და აუდიტს.
დანიური კომპანიისთვის ეს საქართველოში მოღვაწეობის პირველი გამოცდილება არაა. 2019 წლის სექტემბერში Ramboll Group-მა გაიმარჯვა სპეციალურ ტენდერში, რომელიც თბილისის მუნიციპალურმა ფონდმა გამოაცხადა. დანიური კომპანია მოამზადებს თბილისის ტრანსპორტის 15-წლიან გენერალურ გეგმას.
„ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა მოქალაქეებში მკვეთრ პროტესტს იწვევს. ჰესების მოწინააღმდეგეები მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ და ხელისუფლებას უცხოელთათვის მიწის გადაცემაში ადანაშაულებენ. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ადგილი, სადაც ჰესი შენდება (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), სეისმურად აქტიური ზონაა და აქ სამშენებლო სამუშაოების წარმოება არ შეიძლება.
საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA–სა და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group–ს გადასცა. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს დაიკავებს - ცაგერის და წყალტუბოს.
„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%–ით გაიზრდება.