თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს, ნათქვამია ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დარჩიაშვილი თანამდებობაზე პირადად წარადგინა და ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური 24 თებერვალს გახდა, როდესაც კახაბერ ქემოკლიძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. ქემოკლიძემ ამ თანამდებობაზე სულ 20 დღე დაჰყო და პოსტი პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ დატოვა.
ილია დარჩიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში. მას დიპლომატიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე. მას ასევე აქვს კერძო სექტორში საქმიანობის გამოცდილება.
დარჩიაშვილი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და საფრანგეთის გრენობლის ბიზნეს–სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.