„დიალოგი გარანტირებულია“ – საქართველოში მიშელის გადაწყვეტილებას აფასებენ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
გამოწერა
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში შარლ მიშელის წარმომადგენელი შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი იქნება.

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოში როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები მიესალმებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გადაწყვეტილებას ქვეყანაში მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგის მონიტორინგისთვის საკუთარი წარმომადგენლის გამოგზავნის შესახებ.

კრისტიან დანიელსონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პირადი წარმომადგენლის მანდატი უმაღლეს ევროკომისარ ჟოზეფ ბორელთან შეთანმებით მიანიჭა.

როგორც საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა და დიალოგით დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებებს გამართავს. იგი მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დაძლევის მიზნით. 

შარლ მიშელი საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
„მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ – შარლ მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა შეაფასა

„შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში იმ მისიით ჩამოდის, რომ დებატებში კი არ ჩაერთოს, არამედ პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმებას მიაღწიოს. თუ ვინმეს ილუზია ჰქონდა, რომ მიშელი გაემგზავრებოდა საქართველოდან და დაივიწყებდა ფორმატს, რომელიც მისი ინიცირებული იყო, მაშინ გამოცდილი შვედი დიპლომატის დანიშვნა ამ პოსტზე იმის დემონსტრირებაა, რომ ევროკავშირმა სტრატეგიული მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

პოლიტიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებების ახალი მექანიზმი შედეგიანი იქნება.

„ველოდებით, რომ ისინი („ქართული ოცნების“ წარმომადგენლები – რედ.) პატივს სცემენ იმ შეთანხმებას, რომელსაც ბატონი მიშელის აქ ყოფნის დროს მივაღწიეთ და ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, როგორიცაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები, განხილვის და შეთანხმების თემა იქნება“, – აღნიშნა სამადაშვილმა.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის.

„გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება და ყველა მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან საკუთარი კომპრომისული წინადადებების წარმოდგენა მოუწევს. ეს ძალიან კარგია არა ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიისთვის, არამედ კარგია ქვეყნისთვის და სახელმწიფოს ინტერესებისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რისთვისაც ყოველთვის მზად ვიყავით“, – განაცხადა მდინარაძემ. 
შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
მიშელი პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით საქართველოში პირად წარმომადგენელს გზავნის

კრისტიან დანიელსონი ამჟამად ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია შვედეთში, მანამდე კი მუშაობდა შვედეთის მუდმივ წარმომადგენლად. 2011 წელს დაინიშნა ევროპული კომისიის გენერალური მდივნის მოადგილედ. 2013 წელს დანიელსონი გახდა გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი, 2015 წლიდან კი სამეზობლო საკითხებისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი.

შარლ მიშელი თბილისს ორდღიანი ვიზიტით 1 მარტს ეწვია. ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გარდა, მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ევროპელმა დიპლომატმა მხარეებს კომპრომისისა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზების მოძიებისთვის ორკვირიანი ვადა მისცა.

16 მარტს ბრიუსელში საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც მიმოიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას.

ყველა ახალი ამბავი
0