მიშელი პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით საქართველოში პირად წარმომადგენელს გზავნის

© AP Photo / Johanna Geronშარლ მიშელი
შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
გამოწერა
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში შარლ მიშელის წარმომადგენელი შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი იქნება.

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის მონიტორინგისთვის საქართველოში პირად წარმომადგენელს გზავნის, ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ პრეს-რელიზში. 

კრისტიან დანიელსონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პირადი წარმომადგენლის მანდატი უმაღლეს ევროკომისარ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით მიანიჭა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა და დიალოგით დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებებს გამართავს. იგი მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დაძლევის მიზნით. 

„პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებენ, სრულად ჩაერთონ კონსტრუქციული სულისკვეთების დიალოგში, რათა მიაღწიონ ყველა მხარისთვის მისაღებ შედეგებს, რაც დემოკრატიული, სტაბილური და რეფორმებზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესებშია, რათა ქვეყანამ შეძლოს მის პროევროპულ გზაზე წარმატებული წინსვლა“, – ნათქვამია განცხადებაში. 
შარლ მიშელი საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
„მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ – შარლ მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა შეაფასა

რაც შეეხება კრისტიან დანიელსონს, ის ამჟამად ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია შვედეთში, მანამდე კი მუშაობდა შვედეთის მუდმივ წარმომადგენლად. 2011 წელს დაინიშნა ევროპული კომისიის გენერალური მდივნის მოადგილედ. 2013 წელს დანიელსონი გახდა გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი, 2015 წლიდან კი სამეზობლო საკითხებისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი.

შარლ მიშელი თბილისს ორდღიანი ვიზიტით 1 მარტს ეწვია. ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გარდა, მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ევროპელმა დიპლომატმა მხარეებს კომპრომისისა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზების მოძიებისთვის ორკვირიანი ვადა მისცა.

16 მარტს ბრიუსელში საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც მიმოიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას.

ყველა ახალი ამბავი
0