საპატრიარქო ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიაქრო
საქართველოს საპატრიაქრო - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
გამოწერა
საქართველოს საპატრიარქო ყველას მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რადგან ვითარების დაძაბვა და სიტუაციის გამძაფრება მოწინააღმდეგე ძალის მიზანია.

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში 8 მარტს განვითარებული მოვლენები დაგეგმილი პროვოკაცია იყო, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ მარტვილში სასულიერო პირებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა, ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც მრევლის ნაწილს ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრებაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა, რომელზეც ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკვანს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება აუკრძალა. დიაკვნებს მრევლის ნაწილი გამოექომაგა. დაპირისპირების შედეგად ეპარქიის რეზიდენციის შენობის მეორე სართულზე აივნის ხის მოაჯირი მოირღვა და რამდენიმე ადამიანი გადავარდა. დაშავებულთა შორის მასმედიის წარმომადგენლებიც არიან.

„ვაცხადებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ეს შემთხვევა იყო დაგეგმილი პროვოკაცია, მიმართული ამ ეპარქიის და საერთოდ საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის: შემთხვევა ჭყონდიდის ეპარქიაში - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის: შემთხვევა ჭყონდიდის ეპარქიაში – ვიდეო

საპატრიარქოს განცხადებით, 11 თებერვალს საქართველოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ, წმინდა სინოდმა, ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელად ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე განაწესა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობის შესაბამისად, ეპარქიის ყველა მღვდელმსახური ვალდებულია დაემორჩილოს წმიდა სინოდის განჩინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი პირი სასჯელს ექვემდებარება.

საპატრიარქოს განმარტებით, მეუფე სტეფანეს სიტყვიერი და წერილობითი შეგონების მიუხედავად, ორმა დიაკონმა დემონსტრაციულად უარი განაცხადა მღვდელმთავართან თანამწირველობაზე, რაც არის საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევა, ამიტომაც შესაბამისი საეკლესიო სასჯელი დაედოთ.

იქვე ნათქვამია, რომ პროტესტის ნიშნად მათ და მათთან დაკავშირებულმა სასულიერო პირთა მცირე ჯგუფმა, აგრეთვე გარკვეულმა საერო პირებმა მღვდელმთავრის რეზიდენციის ეზოში თავი მოუყარეს მომხრეებს და უხეში ზეწოლით შეეცადნენ ჩაეშალათ მეუფე სტეფანეს მიერ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოწვეული საეპარქიო კრება.

„აღნიშნული სასულიერო პირების მიერ წაქეზებული ადამიანები და ასევე ჟურნალისტები, გაფრთხილების მიუხედავად, ძალმომრეობით შეიჭრნენ საეპისკოპოსო რეზიდენციაში, რასაც მოჰყვა აივნის მოაჯირის მორღვევა და ხუთი ადამიანის დაშავება (ამ ფაქტის გამო გამოვთქვამთ ჩვენს მწუხარებას)“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
დაპირისპირება მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში – დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

საპატრიარქოს განცხადებით, ინციდენტის ამსახველ კადრებში ჩანს, რომ აქციაში მონაწილეთა ქცევა არ შეესაბამება მორწმუნეთა საქციელს, ხოლო აღნიშნული პროცესებს ორგანიზატორი „ყოველგვარ უღირსებაზეა წამსვლელი“.

საპატრიარქო ყველას მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ხალხი და, კერძოდ, ჭყონდიდის ეპარქიის მოსახლეობა, გამოიჩენს ჩვეულ სიბრძნესა და კეთილგონიერებას  და ღვთის წყალობითა და საერთო ძალისხმევით მშვიდობა დამყარდება და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები აღიკვეთება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარტვილში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0