მოგზაურობა პანდემიის დროს, ანუ ჩვენთან სულ კარგი ამინდია

© photo: courtesy of Mari Giorgadzeმარი გიორგაძე
მარი გიორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
გამოწერა
„ფერადი დილა მშვიდობისა, მეგობრებო, ჩვენ ისევ ბევრი არასტანდარტული, არაგატკეპნილი მარშრუტი გველოდება. მთავარია, მზე გვქონდეს გულებში” – უკვე მერვე წელია ასე მიმართავს მოგზაურობის მოყვარულებს „ალილო-ტურის“ ორგანიზატორი და სერტიფიცირებული გიდი მარი გიორგაძე.

მის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა მიმართულების საინტერესო ტურები, რაც შემეცნებით ხასიათსაც ატარებს, არც თავგადასავალს გამორიცხავს და მოგზაურებს დაუვიწყარ მოგონებებს ჩუქნის. სხვა ტურებისგან უცნობი მარშრუტები, ნაკლებად ცნობილი ისტორიული ძეგლები და, გარკვეულ შემთხვევაში, ქველმოქმედება გამოარჩევს. ამას გარდა, კიდევ საკუთარი საქმისადმი პატრიოტული, არაკომერციული დამოკიდებულება...

© photo: courtesy of Mari Giorgadzeმარი გიორგაძე
მოგზაურობა პანდემიის დროს, ანუ ჩვენთან სულ კარგი ამინდია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
მარი გიორგაძე

- მარი, თქვენი ბავშვობა მესხეთის უძველეს კუთხესთანაა დაკავშირებული, რა გახსენდებათ?

- ახალციხის რაიონის ქალაქ ვალეში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობა გავატარე ნამდვილ მესხურ დარბაზიან სახლში, სადაც ოთახში ერდოდან დილით მზე დაგვნათოდა, ღამით მთვარე. ეს ბავშვობის საუკეთესო მოგონებაა. კიდევ მახსოვს შეშის ღუმელის გუზგუზი ძილის წინ. მესხური დარბაზი ერდოიანი სახლია, რომელიც დიდი პაპის აშენებულია თითქმის საუკუნის წინ. შემდეგ ის გაათანამედროვეს, თუმცა ერთი ოთახი ისევ ძველი სახით დავტოვეთ. იქ მესხური ფურნე და მესხური ფარდაგიანი ტახტია...

© photo: courtesy of Mari Giorgadzeმარი გიორგაძე
მოგზაურობა პანდემიის დროს, ანუ ჩვენთან სულ კარგი ამინდია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
მარი გიორგაძე

- ასეთი გარემო ადამიანს განსაკუთრებულ განწყობას უჩენს ხოლმე და თქვენ შემთხვევაში ეს როგორ აისახა?

- ბავშვობიდან, დაახლოებით 9-10 წლის ასაკიდან ვწერ ლექსებს. მაშინ სამყაროს სხვა, უფრო ხალასი ფერები ჰქონდა. ვწერდი ემოციებზე, სამშობლოზე, ყველაფერზე... შემოქმედ მოსწავლეთა სექციაში ვიყავი და მოსწავლეთა ოლიმპიადებზე წარმატებით გამოვდიოდი – პირველი და მეორე ხარისხის დიპლომები მაქვს აღებული. მერე ბავშვობა დასრულდა, თუმცა მუზას არ მივუტოვებივარ. ახლა თითქოს გულიც მწყდება, რომ ამ დრომდე ვერ მოვახერხე მეგობრებისთვის პატარა კრებულის გამოცემა.

© photo: courtesy of Mari Giorgadzeმარი გიორგაძე მეუღლესთან ერთად
მოგზაურობა პანდემიის დროს, ანუ ჩვენთან სულ კარგი ამინდია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
მარი გიორგაძე მეუღლესთან ერთად

- ტურიზმით გატაცების საბაბი რა გახდა და როდის იქცა გატაცება საქმიანობად?

- ყოველთვის მიყვარდა მოგზაურობა, რომელიც ახლა ჩემთვის ჰობიცაა და საქმიანობაც. ამიტომ ვთვლი, რომ დღეს ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და ვაკეთებ საქმეს, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს. ტურიზმით 2008 წლიდან დავინტერესდი. შემდეგ ის ჰობად იქცა. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ დავინტერესდი ტრენინგით „ტურისტული გიდები სამცხე-ჯავახეთისთვის“. იმ კურსს ხელმძღვანელობდა ბატონი ნუგზარ თათეშვილი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ამ სფეროს დავუახლოვდი, მეტიც, შემიყვარდა კიდეც. დღეს სერტიფიცირებული გიდი ვარ და არაერთი ტრენინგი მაქვს გავლილი. თავიდან მეგობრებთან ერთად მხოლოდ საქველმოქმედო ტურებს ვაწყობდი. დროთა განმავლობაში კომერციული ინტერესიც გაჩნდა და ჰობი საყვარელ საქმედ იქცა. უკვე რვა წელია მთელ ჩემს ენერგიას და პოზიტივს ამ საქმეში ვდებ.

© photo: courtesy of Mari Giorgadzeჯგუფური ტური
მოგზაურობა პანდემიის დროს, ანუ ჩვენთან სულ კარგი ამინდია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
ჯგუფური ტური

- ქველმოქმედება ახსენეთ...

- ქველმოქმედება იმიტომ ვახსენე, რომ „ალილო-ტურელებს“ ერთად ბევრი სიკეთე აქვთ გაკეთებული. წლების განმავლობაში მოგზაურობის პარალელურად აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას ვეწეოდით. იმის თქმა მინდა, რომ ადამიანებს, ვინც დღეს ჩემ გარშემო არიან, მხოლოდ ტურები არ აერთიანებს. ერთ საქველმოქმედო ტურს მომავალ კვირაშიც ვგეგმავთ, რათა დავეხმაროთ ჩვენი თანამოგზაურის დას, რომელიც ურთულეს დაავადებას ებრძვის და ფინანსური თანადგომა სჭირდება.

© photo: courtesy of Mari Giorgadzeმარი გიორგაძე ჯგუფური ტურის წევრებთან ერთად
მოგზაურობა პანდემიის დროს, ანუ ჩვენთან სულ კარგი ამინდია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
მარი გიორგაძე ჯგუფური ტურის წევრებთან ერთად

- ყველაზე პოპულარული ტურები რომელია?

- გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დღეს მარტო არ ვარ და ტურების ჩატარების დროს გვერდში მიდგანან მეგობრები, რომელთა პროფესიონალიზმს აბსოლუტურად ვენდობი. ყველაზე მაღალი მოთხოვნა ყოველთვის იყო სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის მიმართულებაზე. სამცხე-ჯავახეთის ტურებს თითქმის ყოველთვის მე ვატარებ. იმდენად მიყვარს, რომ სულ მგონია, ჩემი კუთხის წარმოჩენის დროს სხვას რამე გამორჩება–მეთქი. მე რომ არ ჩავატარო, სინდისი შემაწუხებს. ვიზიტორებს განსაკუთრებით მოსწონთ რთველის, ღვინის ტურები, მარნებში ან ღვინის ქარხნებში სტუმრობა. საერთოდ, ჩვენ ბევრი ნიშნით განგვასხვავებენ სხვებისგან, ვუყვარვართ და გვაფასებენ.

© photo: courtesy of Mari Giorgadzeმარი გიორგაძე
მოგზაურობა პანდემიის დროს, ანუ ჩვენთან სულ კარგი ამინდია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
მარი გიორგაძე

- სამოგზაურო ტურებს რა პრინციპით აწყობთ?

- ტურებს ბევრი მიმართულებით ვაწყობთ და ვცდილობ, რომ მსურველებს გამორჩეული მარშრუტები შევთავაზო. ზოგ მათგანს სახალხო ან რელიგიური დღესასწაულები აინტერესებს, ზოგს – ტრადიციული ფესტივალები, მაგალითად, სიღნაღ-ქალაქობა ან გიორგობა ჰერეთში, ჭაჭის ფესტივალი თელავში, ტიტების ფესტივალი სტამბულში და სხვ. თავიდან აქცენტი პილიგრიმულ–შემეცნებითი ხასიათის ტურებზე კეთდებოდა, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობას ახლაც აქტიურად ვაგრძელებთ.

© photo: courtesy of Mari Giorgadzeმარი გიორგაძე
მოგზაურობა პანდემიის დროს, ანუ ჩვენთან სულ კარგი ამინდია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
მარი გიორგაძე

- მოგზაურობა რომ შედგეს, საინტერესო მარშრუტის გარდა, რა არის აუცილებელი?  

- ჩემთვის წინა პლანზე ყოველთვის მოგზაურების კომფორტი და უსაფრთხოებაა, კიდევ არაკომერციული ინტერესი. მე სპეციალურად გავიარე პირველადი დახმარების ტრენინგები, რათა საჭიროების შემთხვევაში სიტუაციის მართვა შევძლო. სხვათა შორის, ჩვენთან ძირითადად თავს იყრიან განათლებული, შემეცნებაზე და კომფორტულ მოგზაურობაზე ორიენტირებული ადამიანები. მათთან მეგობრობას ტურების შემდეგაც ვაგრძელებთ. ჩვენს ტურში მოგზაურობის დროს რამდენიმე ოჯახიც კი შეიქმნა. არიან ისეთები, ვინც ხშირად დადის ჩვენთან ერთად და მათთვის პერიოდულად სიმბოლური საჩუქრები გვაქვს. ასევე საჩუქრად გვაქვს კონკრეტული ტურები მათთვის, ვისაც არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა.

© photo: courtesy of Mari Giorgadzeმარი გიორგაძე ტურის მონაწილეეთან ერთად
მოგზაურობა პანდემიის დროს, ანუ ჩვენთან სულ კარგი ამინდია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
მარი გიორგაძე ტურის მონაწილეეთან ერთად

- საქართველოს ფარგლებს გარეთ რომელ ქვეყნებში გაგყავთ მსურველები?

- 2016 წლიდან აქტიურად ვატარებდით ტურებს მეზობელ ქვეყნებში: თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი. უახლოესი ორი წლის განმავლობაში შევძელი ის, რომ ქართველი მომხმარებლისთვის შემეთავაზებინა ჯგუფური ტურები ევროპის მიმართულებითაც – ძალიან ბიუჯეტურ ფასად. ამას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოგზაურების დიდ ნაწილს მიეცა საშუალება, რომ ორგანიზებულად და იაფად ემოგზაურა. მათი მოგონებები სავსეა პოზიტიური შთაბეჭდილებებით, რაც ძალიან მახარებს.

© photo: courtesy of Mari Giorgadzeჯგუფური ტური აჭარაში
მოგზაურობა პანდემიის დროს, ანუ ჩვენთან სულ კარგი ამინდია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
ჯგუფური ტური აჭარაში

- როგორია მოგზურობა პანდემიის დროს?

- გასული წლის დასაწყისში, როცა პანდემიამ იფეთქა, იძულებული გავხდი, რომ ყველა ევროპული და შიდა ტური გამეუქმებინა, ეს სერიოზული სტრესი იყო მოგზაურებისთვის. ორთვიანი პაუზის შემდეგ მაისიდან დაგვრთეს ნება და პანდემიასთან თანაცხოვრებით აქტიური ტურისტული სეზონი გვქონდა. ჩვენც მოვერგეთ რეგულაციებს, ტრანსპორტს უკეთდება დეზინფექცია, ტურის დაწყების წინ ვაკონტროლებთ ტემპერატურას, აუცილებელია პირბადის გამოყენება, ჯგუფს უზრუნველვყოფთ სადეზინფექციო ხსნარით. გასული წლის სეზონი ნოემბერში დავასრულეთ, როცა აიკრძალა მოგზაურობა ქვეყნის მასშტაბით. ახლახან კვლავ დაუშვეს საექსკურსიო ტურების ჩატარება. ახალ სამოგზაურო წელს ახალი შემართებითა და ახალი იდეებით, ისევ რეგულაციების მკაცრად დაცვით ვიწყებთ.

© photo: courtesy of Mari Giorgadzeჯგუფური ტურის დროს სამეგრელოში
მოგზაურობა პანდემიის დროს, ანუ ჩვენთან სულ კარგი ამინდია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
ჯგუფური ტურის დროს სამეგრელოში

- სად ურჩევთ სამოგზაურო ტურს იმ უცხოელებს, რომლებიც საქართველოში პირველად ჩამოვიდნენ?

- პირველ ტურს მათ დავუგეგმავდი სამეგრელოში, სადაც თითქმის ისეთივე სურნელია, როგორც აფხაზეთში, რომელთანაც რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს. მათ აუცილებლად ვეტყოდი, რომ ჩემი ლამაზი სამშობლო, რომელსაც აფხაზეთი და ოსეთი ჩამოაშორეს, ოდესღაც ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იყო გადაჭიმული...

© photo: courtesy of Mari Giorgadzeჯგუფური ტური
მოგზაურობა პანდემიის დროს, ანუ ჩვენთან სულ კარგი ამინდია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
ჯგუფური ტური

- ბუნებრივია, რამდენადაც ეცნობი საკუთარ ქვეყანას, უფრო ძლიერდება მის მიმართ სიყვარული...

- სამშობლო ჩემთვის ის ადგილია, სადაც ყველა კენჭი ბედნიერებას მანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ უახლოესი წლების განმავლობაში ჯგუფურ ტურებს აქტიურად ვატარებდი უცხოეთში, დიდი ხნით ქვეყნის დატოვება არასდროს მიფიქრია. ჩემი ქვეყნის გარეთ მაქსიმუმ ხუთი დღე მაქვს გატარებული, მეტხანს ვერ ვძლებ. ვცადე, რომ პატრიოტიზმი ტურიზმში გადამეტანა, ამიტომ მიზნად უცნობი, მივიწყებული ძეგლების პოპულარიზაცია დავისახე. მინდა ყველას ვაჩვენო, რომ საქართველო იმაზე ლამაზი და ძვირფასია, ვიდრე ნებისმიერი ქვეყანა მის ფარგლებს გარეთ. იქნებ ამით ვინმეს ემიგრაციაში წასვლაც გადავაფიქრებინო...

© photo: courtesy of Mari Giorgadzeჯგუფური ტური კახეთში
მოგზაურობა პანდემიის დროს, ანუ ჩვენთან სულ კარგი ამინდია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
ჯგუფური ტური კახეთში

- მოგზაურობა რა არის თქვენთვის?

- მოგზაურობა ჩემთვის ახალი ენერგიით ავსების საშუალებაა და ხალისიან და თავგადასავლებით სავსე დღეებთან ასოცირდება. ვთვლი, რომ მოგზაურობა მხოლოდ საინტერესო ობიექტების მონახულება არაა, ესაა ურთიერთობა, დადებითი ენერგიების გაცვლა, რასაც იშვიათი და სასიამოვნო შეგრძნება მოაქვს. მართალია, ამინდზე ვართ ხოლმე დამოკიდებული, მაგრამ ვთვლი, რომ ასეთი ურთიერთობებისა და დამოკიდებულების წყალობით ჩვენთან სულ კარგი ამინდია...

ყველა ახალი ამბავი
0