თბილისი, 7 მარტი – Sputnik. ქალაქ გორის მიმდებარედ, გორიჯვრის ტყეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
წინასწარი ინფორმაციით, ეს ოთხი თვის წინ დაკარგული 21 წლის გიორგი ნონიაშვილის ცხედარია, რომელიც სახლიდან გასული წლის 11 ნოემბერს გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მას ოჯახი და პოლიცია ოთხი თვის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.
ცხედარი უკვე გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.
გაუჩინარებული ახალგაზრდის ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ. პირად საუბარში კი ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზის დადგენის იმედი ექსპერტიზისგან აქვთ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შესაძლოა საქმის გადაკვალიფიცირება მოხდეს.