თბილისი, 7 მარტი - Sputnik. ხანძრის შედეგად ბათუმში შშმ პირი გარდაიცვალა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
შემთხვევა ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე დღეს მოხდა. ხანძარი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, სადაც რვა ოჯახი ცხოვრობს. ცეცხლის ლოკალიზებისას ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი შუახნის მარტოხელა მამაკაცი იყო. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.
მეხანძრე-მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს სამი მოქალაქე, დანარჩენებმა საცხოვრებელი სახლები დამოუკიდებლად დატოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შემთხვევის ადგილას მობილიზებულია ხუთი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
ტელევიზიის ინფორმაციით, ბათუმის მერია შეისწავლის ღია ცის ქვეშ დარჩენილი ადამიანების მდგომარეობას და ამის შემდეგ გადაწყდება, რა სახის დახმარება გაეწევა მათ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.