თბილისი, 6 მარტი – Sputnik. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 27 დევნილს ხელის ტრაქტორი გადაეცა. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
დევნილებს ტექნიკა „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გადაეცათ. პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.
უწყების ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დევნილთა სააგენტომ, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში, 400-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი დააფინანსა.
„დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა“ გათვლილია მოწყვლად დევნილებზე, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65.001-100.001-ს ფარგლებში მერყეობს.
დევნილები მხარდაჭერას გრანტის სახით ორი მიმართულებით:
1. სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები;
2. თვითდასაქმებაზე ორიენტირებული არასასოფლო-სამეურნეო ინიციატივები.
მხარდაჭერა გულისხმობს ტექნიკა/დანადგარების შეძენას არაუმეტეს 2 500 ლარის ფარგლებში. ამასთანავე, შესაძლებელია ერთი განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი იქნეს არაუმეტეს 3 ნივთი. თითო ნივთის ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 150 ლარი.
მხარდაჭერა შესაძლებელია როგორც საქმიანობის დამწყებთათვის, ასევე უკვე არსებულის გაძლიერების მიზნით.