სად არის ვაქცინა?! – მთავრობის კანცელარიასთან აქცია იმართება

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
საპროტესტო აქციაზე მყოფი ჯანდაცვის ექსპერტები მოითხოვენ, რომ მთავრობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოსატანად ახალი გეგმა შეიმუშაოს, რომელშიც მონაწილეობას კერძო სექტორიც მიიღებს.

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. სამოქალაქო აქტივისტები და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან მდუმარე აქციას მართავენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები კანცელარიის შენობასთან მივიდნენ პლაკატებით – „სად არის ვაქცინა?! 108 ქვეყანაში“. შეკრებილთა აზრით, ხელისუფლების წარმომადგენლები სატელეფონო ზარს არ უნდა ელოდებოდნენ, არამედ თავად უნდა გაემგზავრონ და მწარმოებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია იმ დრომდე აწარმოონ, ვიდრე ქვეყანაში ვაქცინა არ შემოვა. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
რა შეცდომა დაუშვეს ქართველმა ეპიდემიოლოგებმა? იმნაძის პასუხი

„ვაქცინა არ არის იმიტომ, რომ ისინი არ მუშაობენ. მათ, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არაფერი გააკეთეს. ჩვენ ტელეფონის ზარს კი არ უნდა ველოდოთ, არამედ თავად უნდა ჩავიდეთ ბრიუსელში, დელიში, მუმბაიში, აშშ-ში. ჩვენ იქ უნდა ვიმუშაოთ, დიპკორპუსი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი – ყველამ აქტიურად უნდა იმუშაოს. ჩვენც ჩაგვრთონ პროცესში, ჩვენც შეგვიძლია რაღაცის გაკეთება, მაგრამ სრულ იგნორირებას ვიღებთ“, – განაცხადა ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტმა ვატო სურგულაძემ.

აქციის მონაწილეების აზრით, ის, რომ ქვეყანაში ვაქცინა ამ დრომდე არ შემოსულა, არაპროფესიონალიზმის ბრალია და ხელისუფლების მხრიდან ამის რეალური სურვილი რომ ყოფილიყო, იგი შეძლებდა ქვეყნის ვაქცინით უზრუნველყოფას. მათი თქმით, ისინი არ დაუშვებენ ქვეყანაში ჩინური წარმოების ვაქცინის შემოტანას, რადგან იგი უხარისხოა. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები საქართველოს COVAX–პლატფორმასთან ამ დონეზე თანამშრომლობას სტრატეგიულ შეცდომას უწოდებენ – ხელისუფლება მხოლოდ ამ პლატფორმის იმედად არ უნდა ყოფილიყო.

აქციის მონაწილეები მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელებას იმ დრომდე გეგმავენ, ვიდრე ქვეყანაში ვაქცინა არ შემოვა.

„ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანას, რადგან ჩვენი ხალხი საცდელი კურდღლები არ არიან. დიახ, ჩვენ ვაიძულებთ მათ საუკეთესო ვაქცინის შემოტანას. უფლებას არ მივცემთ, ჩვენს მოქალაქეებზე ექსპერიმენტები ჩაატარონ“, – განაცხადა გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის დირექტორმა გიორგი ჩიხლაძემ.

ადრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა შეცდომა დაუშვეს ქართველმა ეპიდემიოლოგებმა, განაცხადა, რომ შეცდომა ის იყო, მოსახლეობის ჩინური ვაქცინით იმუნიზაცია თავიდანვე რომ არ დაიწყეს.

ჩინური წარმოების „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინების ხარისხზე მსჯელობა საქართველოში იანვარში დაიწყო. მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გამორიცხა ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანის ალბათობა, რის მიზეზადაც მის შესახებ საკმარისი ინფორმაციის არარსებობა დასახელდა.

საქართველოში შეზღუდვები იხსნება, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინის პირველ დოზას. უცნობია ასევე, თუ რომელი ვაქცინა შემოვა პირველად ქვეყანაში.

ყველა ახალი ამბავი
0