თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2021 წლის თებერვალი – 2020 წლის თებერვალი) 3,6% შეადგინა – 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2021 წლის თებერვალში, 2021 წლის იანვართან შედარებით, ინფლაციის დონემ 1,1% შეადგინა.
რუსული ხორბლის გაძვირება ქართველ მეწარმეებს ალტერნატივის ძებნას აიძულებს >>
„საქსტატის“ მონაცემებით, თებერვალში ფასები შემცირდა ტანსაცმელზე (3,4%) და კომუნალურ მომსახურებაზე (0,4%). ამავე დროს ფასები სურსათზე გაიზარდა 1,1%-ით, სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურებაზე - 3,7%-ით, ტრანსპორტზე - 2,5%-ით.
როგორ იცვლებოდა ინფლაციის დონე გასულ წელს
2019 წელს წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. მის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, ბოლოს იგი 2019 წლის დეკემბერში გაიზარდა.
2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციის დონემ შემცირება დაიწყო – იანვარსა და თებერვალში მან 6,4% შეადგინა, მარტში – 6,1%, სექტემბერში – 3,8% და ამ დონეზე სამი თვე შენარჩუნდა. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ 21 მარტიდან კარანტინი და კომენდანტის საათი დააწესა. ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისთვის ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან სამ ეტაპად 8%-მდე შეამცირა მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი.
2021 წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები შემცირდა კომუნალურ მომსახურებაზე (21,2%).
ამასთან, წლის განმავლობაში სურსათი 6,2%-ით გაძვირდა, მათ შორის, რძე, ყველი და კვერცხი – 6,4%-ით, მზესუმზირის ზეთი – 34,3%-ით, ყავა და ჩაი – 12,4%-ით, პურპროდუქტები – 8,7%-ით. ხილი კი გაიაფდა 4,8%-ით. კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 9,8%-ით გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს მომსახურების ფასებიც.
რა მოქმედებს საქართველოში ფასების დინამიკაზე
ბოლო ორ თვეში წლიური ინფლაციის დონე 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ის) ინფორმაციით, ეს დაკავშირებულია სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური ხარჯების სუბსიდირებასთან, რაც დროებით ხასიათს ატარებს.
პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის (შესაბამისად, 200 კვტ/სთ და 200 მ3) ხარჯების დაფარვის შესახებ.
„როგორც წესი, ცენტრალური ბანკები მსგავსი ტიპის ეგზოგენური ფაქტორების გამო ინფლაციის დროებით გადახრებზე არ რეაგირებენ და ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზით ხელმძღვანელობენ. მიმდინარე პროგნოზის თანახმად, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4%-ის ფარგლებში შენარჩუნდება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება“, – აღნიშნავს ეროვნული ბანკი.
სებ-ის მონაცემებით, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად, რაც განსაკუთრებით იანვარში გამოიკვეთა, ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლა შენარჩუნებულია პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გახანგრძლივების ფონზე წარმოების ხარჯების ზრდისა და ლარის გაუფასურებული კურსის გამო.
„ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ასუსტებს ერთობლივი მოთხოვნის დაღმავალ გავლენას პროგნოზირებულ ინფლაციაზე, ხოლო ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის გამო გაცვლითი კურსის ცვლილების გადაცემა ინფლაციაზე საგრძნობია“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
რეგულატორის ინფორმაციით, რჩება გაურკვევლობის მაღალი დონე როგორც გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენის დინამიკის, ისე ადგილობრივი დაკრედიტების ზრდის ტემპის თვალსაზრისით.