თბილისი, 2 მარტი – Sputnik. ბათუმის ბულვარში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, იუწყება პირველი არხი.
„ამბასადორი ბათუმის“ 16-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაზე ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა. აქციის მონაწილეებმა სწორედ ამ ნებართვის ბათილად ცნობა მოითხოვეს.
„მინისტრისგან ვითხოვთ, შეაჩეროს მშენებლობა და ბათილად ცნოს სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს მივმართავთ. არ დავუშვებთ, რომ ბულვარი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, დამახინჯდეს“, – განაცხადა „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა ნათია აფხაზავამ.
აქტივისტებმა განცხადება შესაბამისი მოთხოვნებით აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში შეიტანეს, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი სასამართლოს მიმართვას გეგმავენ.
აღნიშნული აქცია პირველი არაა, რომელიც ადგილობრივებმა ბულვარის ტერიტორიაზე მშენებლობების წინააღმდეგ გამართეს.