საეკლესიო კალენდარი: 28 თებერვალი

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსვეტიცხოვლის ტაძრის კარიბჭე
სვეტიცხოვლის ტაძრის კარიბჭე - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 თებერვალს წმინდა მოციქულ ონისიმეს, (სამოცდაათთაგანს) ღირსი პაფნუტის და მის ასულის ევფროსინეს, ასევე სირიელ მეუდაბნოე ევსევის იხსენიებს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოციქული ონისიმე

საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 28 თებერვალი წმიდა მოციქული ონისიმეს (სამოცდაათთაგანი), ხსენების დღეა.

ონისიმე ფრიგიის ოლქის ქალაქ კოლასეში მცხოვრები მდიდარი ქრისტიანის, ფილიმონის მონა იყო. ერთხელ მან რაღაც შესცოდა ბატონის წინაშე, შემდეგ კი სასჯელს გაექცა და რომს მიაშურა. აქ გაქცეული მონა დაატუსაღეს და საპყრობილეში ჩააგდეს. საპყრობილეში ონისიმეს დახვდა შებორკილი პავლე მოციქული, რომელმაც სახარების სიტყვა დამოძღვრა, შემდეგ კი ნათელ-სცა მას. ახალნათელღებული შვილივით ემსახურებოდა პყრობილ წმიდანს. პავლემ, რომელიც პირადად იცნობდა ფილიმონს, ონისიმეს წერილი გაატანა მასთან და სიყვარულით სთხოვა, შეეწყალებინა შეცოდებული მონა და ძმასავით მიეღო იგი. ფილიმონმა ამ წერილის პასუხად არა მარტო შეუნდო მომავალ წმიდანს, არამედ გაანთავისუფლა კიდეც იგი და უკანვე, რომში გაგზავნა მოციქულთა თავთან. აქ ონისიმე ეპისკოპოსად იქნა ხელდასმული. პეტრე და პავლე მოციქულების სიკვდილის შემდეგ მან სახარების ქადაგებით მოიარა ესპანეთი და აზია. ღრმა მოხუცებულობაში წმიდანი ტიმოთეს შეენაცვლა ეფესოს სამღვდელმთავრო კათედრაზე. როცა ეგნატე ღმერთშემოსილი რომში სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ, გზაზე მას ნეტარი ონისიმე გამოეგება რამდენიმე ქრისტიანთან ერთად, რასაც თავად ეგნატე ახსენებს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში.

უფლისციხე - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2020
საეკლესიო კალენდარი - 27 თებერვალი

იმპერატორ ტრაიანეს მეფობისას ონისიმე შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ქრისტეს მხნე აღსარებისათვის იგი ჯერ საპყრობილეში გამოამწყვდიეს, შემდეგ კი ქვებით თავი მოჰკვეთეს. ერთმა დიდგვაროვანმა და კეთილმსახურმა ქალმა მოწამეობრივად აღსრულებული მოციქულის წმიდა ცხედარი ვერცხლის ლუსკუმაში ჩაასვენა. ეს მოხდა დაახლოებით 109 წელს.

ღირსი პაფნუტი და ასული მისი ევფროსინე

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 27 თებერვალი ღირსი პაფნუტის და მისი ასულის ევფროსინეს ხსენების დღეა. 

პაფნუტი და მისი ასული ალექსანდრიელები იყვნენ. ევფროსინე 18 წლის იყო, როცა დატოვა მშობლიური სახლი და მამათა სავანეში დაემკვიდრა საჭურის იზმარაგდის სახელით. იღუმენმა მამაკაცის სამოსლის ქვეშ ქალწული ვერ იცნო და მას განკრძალული კელია გამოუყო, სადაც ის ებრძოდა ბოროტ სულებს, კეთილგონიერებით და თავშეკავებით იგერიებდა მათ საცდურებს, თრგუნავდა ვნებებს და სათნოებებში წარემატებოდა. პაფნუტი ხშირად მოდიოდა ხოლმე იმ სავანის წინამძღვართან, სადაც ევფროსინია მოღვაწეობდა და ასულის დაკარგვით დამწუხრებული მასთან პოულობდა შვებას. იღუმენს არაერთხელ უნახავს პაფნუტი დაუცხრომელი ღამისთევებითა და შრომით გამორჩეულ „ბერ“ იზმარაგდთან მოსაუბრე. მამა სახეშეცვლილ  მოწესეში ვერ ცნობდა საკუთარ შვილს. ევფროსინემ 38 წელი დაჰყო სავანეში და სულიერ სრულყოფილებამდე ამაღლებულმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. სიკვდილის წინ მან მამას გაუმჟღავნა თავისი საიდუმლო. ამის შემდეგ პაფნუტიმ მთელი ქონება მოწყალებად გასცა, თავისი ასულის კელიაში დაემკვიდრა და აქ 20 (ზოგის ცნობით 28) წელი მოღვაწეობდა.

საეკლესიო კალენდარი - 24 თებერვალი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
საეკლესიო კალენდარი - 24 თებერვალი

სირიელი მეუდაბნოე ევსევი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 28 თებერვალი  სირიელი მეუდაბნოე ღირსი ევსევის ხსენების დღეა.

ევსევი მეუდაბნოე სირიის ქალაქ ასიქაში მოღვაწეობდა IV საუკუნეში. ის მეტად ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. როცა  ევსევის მნახველები მოუმრავლდა, მან ახლოს მდებარე მონასტერს მიაშურა, მის ზღუდესთან მცირე თავშესაფარი მოაწყო და აღსასრულამდე შიგ იყო დაყუდებილი.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0