თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვია.
მიშელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. აეროპორტში მას დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.
ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გამართავს შეხვედრებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის სპიკერს არჩილ თალაკვაძეს. შარლ მიშელი ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში განმარტეს, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის და ზურაბიშვილის მოლაპარაკებები გაიმართება ორშაბათს, 1 მარტს. შეხვედრის შემდეგ ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
მოლაპარაკებათა თემებს შორის იქნება ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირთან, ბრძოლა კორონავირუსთან, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი.
შარლ მიშელი ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.
საქართველოში ვიზიტამდე შარლ მიშელი მოლდოვაში იმყოფებოდა. თბილისიდან ის უკრაინაში გაემგზავრება.