სამთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა

© photo: Sputnik / Stringerმატარებელი თბილისის რკინიგზის სადგურში
მატარებელი თბილისის რკინიგზის სადგურში - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
გამოწერა
საქალაქთაშორისო სარკინიგზო რეისებზე ბილეთების ყიდვა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე სალაროებში. ბილეთების ფასები არ შეცვლილა.

თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. დღეიდან საქართველოს რკინიგზამ სამგზავრო გადაყვანები ხუთი მაგისტრალური მიმართულებით განაახლა.

საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი რიგი კოვიდ–შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო – 25 თებერვლიდან მუშაობა განაახლა საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა, გაიხსნა სასტუმროები და სამთო კურორტები. დღეიდან, 27 თებერვლიდან კი სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა.

საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით, COVID-19-თან  დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ სამი თვე გაჩერებული ვიყავით, მგზავრების მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდია. მატარებლები საკმარისად დაიტვირთა. ყველა მგზავრს ვთხოვთ, ეკეთოს პირბადე. მატარებელში შესვლისას ვუზომავთ ტემპერატურას. ასევე მგზავრებმა უნდა ისარგებლონ დეზობარიერით, შემდეგ ხელები უნდა დაიმუშაონ სპეციალური ხსნარით“, – განაცხადა ცაგურიამ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც ამუშავდა

როგორც ცაგურიამ აღნიშნა, მემანქანეებს მგზავრებთან კონტაქტი არ აქვთ და შესაბამისად, მათი ტესტირება კორონავირუსზე სავალდებულო არ არის.

„რაც შეეხება გამცილებლებს, მოლარე-ოპერატორებს და ასე შემდეგ, როცა ამის საჭიროება და აუცილებლობა არის, ჩვენ ტესტირებას პერიოდულად ვატარებთ და ჩავატარებთ“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

მოძრაობა აღდგა შემდეგ რეისებზე:

  • თბილისი-ბათუმი-თბილისი;
  • თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
  • თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
  • თბილისი-ფოთი-თბილისი;
  • თბილისი-ქუთაისი-თბილისი.

ბილეთების ფასები არ შეცვლილა, თუმცა მატარებლები მხოლოდ დღისით იმოძრავებენ. თბილისიდან პირველი მატარებელი (ზუგდიდის მიმართულებით) გადის 07:00 საათზე, ხოლო ფოთიდან მომავალი მატარებელი დედაქალაქში 19:36 საათზე შემოვა. მატარებლების განრიგი „საქართველოს რკინიგზის“ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მგზავრებს რიგი წესების დაცვა ევალებათ. კერძოდ, პირს ეკრძალება მატარებელში პირბადის გარეშე ასვლა და მგზავრობის პროცესში მისი მოხსნა. გარდა ამისა, მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ასევე, დაცული  უნდა იყოს სოციალური დისტანცია.

ყველა ახალი ამბავი
0