თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თელავის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში სხვადასხვა სახის ხარვეზი გამოავლინა. ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.
კერძოდ, ხარვეზები გამოვლინდა ფინანსური რესურსების, სახელმწიფო შესყიდვებისა და ინფრასტრუქტურული რესურსების მართვაში, შემოსავლებში, ქონების მართვასა და განკარგვაში, ასევე წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებაში.
კერძოდ, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, კონტროლის სისუსტის გამო, მუნიციპალიტეტმა სატენდერო პროცესი ისე წარმართა, რომ დაბალფასიანი სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტი არასამართლიანად იქნა დისკვალიფიცირებული.
დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ მუნიციპალიტეტმა 291,3 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტის მოწყობაში არაეფექტიანად დახარჯა საბიუჯეტო სახსრები და ვერ მიაღწია პროექტის განხორციელებით დასახულ მიზანს.
ანგარიშის მიხედვით, ხარვეზები დაფიქსირდა მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხითაც. კერძოდ, ის ზოგ შემთხვევაში შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამოდ, სასმელად უვარგისი წყლით ხორციელდება, თუმცა მუნიციპალიტეტს არც სათანადო ღონისძიებები გაუტარებია პრობლემის გადასაწყვეტად და არც სამოქმედო გეგმა შეუმუშავებია.
რაც შეხება ქონების მართვასა და განკარგვას, აღნიშნულ პროცესში არსებული სისუსტეების გამო, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით არაუფლებამოსილი პირები სარგებლობდნენ.
ასევე, მოსაკრებლების ადმინისტრირებაში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, სრულად ვერ ხორციელდება დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება.
აუდიტმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოპარკის მართვაში არსებული ხარვეზებიც გამოავლინა. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს არაეკონომიურ და არარაციონალურ ხარჯვას.