თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე გაწეულ ხარჯებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის, იუწყება პირველი არხი.
სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს ის ასევე გეგმავს, განახორციელოს საკარანტინე ზონების მოსაწყობად გაფორმებული ხელშეკრულებების, ასევე პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სერვისების ეფექტიანობის და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ღონისძიებების შემოწმებას.
აუდიტის მიზანია, შეისწავლოს რამდენად ეფექტიანი იყო საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა.
რა შემოწმდება
გასული წლის ივნისში კორონავირუსის პანდემიის ფონზე მთავრობამ შეცვალა ქვეყნის ბიუჯეტი და 1,8 მილიარდი ლარი ანტიკრიზისული ღონისძიებების განსახორციელებლად მიმართა.
ამ სახსრების დიდი ნაწილი სოციალურ დახმარებაზე დაიხარჯა.
გარდა ამისა, 44 მილიონი ლარი საკარანტინე ზონების მომსახურების დაფარვას მოხმარდა, ხოლო 151 მილიონი ლარი - კორონავირუსით განპირობებულ ჯანდაცვის სისტემის ხარჯებზე - მათ შორის ტესტებზე, პირადი ჰიგიენის საშუალებებზე და სხვ.
კიდევ 559,2 მილიონი ლარი გამოიყო შეღავათებსა და სუბსიდიებზე ბიზნესისა და კლინიკებისთვის, მათ შორის მცირე გრანტებზე, საკრედიტო-საგარანტიო სქემაზე, კლინიკების სუბსიდირებაზე და ა.შ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 23 იანვრის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მიაღწია 252 972-ს, საიდანაც გამოჯანმრთელდა 240 629 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა – 3 038.