კარატისტი, რომელიც ცოცხალ წმინდანს შეხვდა, და ყველა კითხვაზე გაცემული პასუხი

© photo: courtesy of David Chijavadzeდავით ჩიჯავაძე ვარჯიშის დროს
დავით ჩიჯავაძე ვარჯიშის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
გამოწერა
„ბავშვობიდან ვცდილობდი, რომ სხვებისგან განსხავავებული რაღაც მესწავლა“ – იხსენებს დავით ჩიჯავაძე, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოური იდეოლოგიის პირობებში განსხვავებული გზა გაიარა იმისთვის, რომ საკუთარი თავის ძიების დროს ცხოვრებაში მთავარ კითხვებზე პასუხები მიეღო...

იოგაში ვარჯიში 12 წლიდან დაიწყო, კარატეზე 14 წლიდან გადაერთო. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს ჩვენთან ორივე იკრძალებოდა, ამდენად, მათი მიმდევრები თავისებურ სპორტულ დისიდენტებადაც კი მოიაზრებოდნენ. პარიზში ევროპის თასზე საქართველოს სახელით ვადო-რიუ კარატეს ნაკრებ გუნდთან ერთად ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როცა ევროპაში საქართველოს შესახებ ცოტა ვინმემ თუ იცოდა, თანაც, პირველივე გამოსვლა წარმატებული აღმოჩნდა...

დღეს დავითი საქართველოს ვადო-რიუ კარატეს ფედერაციის გენერალური მდივანია, ამასთან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აკრედიტებული ექსპერტიც არის და იმ ორ ქართველს შორისაა, ვინც საერთაშორისო აკრედიტაცია ამ სფეროში უცხოეთში მიიღო.

© photo: courtesy of David Chijavadzeდავით ჩიჯავაძე მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად
კარატისტი, რომელიც ცოცხალ წმინდანს შეხვდა, და ყველა კითხვაზე გაცემული პასუხი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
დავით ჩიჯავაძე მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად

- ბატონო დავით, ბავშვობიდან მუსიკალურ გარემოში მოგიწიათ ცხოვრება, ბებია და მამა ცნობილი მუსიკოსები იყვნენ. თქვენთან სტუმრად მოსული რომელი მუსიკოსები გახსენდებათ?

- დიახ, ჩვენს სახლში მართლაც მუსიკალური გარემო იყო. მამა, ოთარ ჩიჯავაძე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ცნობილი მუსიკოსი და ფოლკლორისტი იყო. ბებია, ანა აგლაძე-ჩიჯავაძე ზაქარია ფალიაშვილის ოპერაში „აბესალომ და ეთერი“ ეთერის პარტიის პირველი შემსრულებელი და მუსიკალური ათწლედის დირექტორი გახლდათ. სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ მამამ ჯერ ფიზიკა-მათემატიკური დაამთავრა, მერე კი ფსიქოლოგიური. კონსერვატორიაში ფოლკლორის სიყვარულით ჩააბარა. ჩვენს ოჯახში სტუმრად ხშირად მოდიოდნენ ცნობილი მომღერლები და კომპოზიტორები. მახსოვს ჩვენთან ამღერებული ალეკო ხომერიკი, ცნობილი სიმღერის „ყაყაჩოს“ ავტორი თენგიზ ჩოჩუა, ავთო მთავრიშვილი. მამას მოწაფეები იყვნენ ანზორ ერქომაიშვილი და ვაჟა აზარაშვილი. მოკლედ, ჩვენს სახლში სიმღერა მუდმივად ისმოდა. 

© photo: courtesy of David Chijavadzeდავით ჩიჯავაძე
კარატისტი, რომელიც ცოცხალ წმინდანს შეხვდა, და ყველა კითხვაზე გაცემული პასუხი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
დავით ჩიჯავაძე

- დარწმუნებული ვარ, ასეთ გარემოში ალბათ ბავშვობიდან ერთგვარი ვალდებულებაც დაგაკისრეს, რომ მუსიკის გზას გაჰყოლოდით, მაგრამ ასე არ მოხდა...

- მართლი ხართ, გარშემო ყველა ცდილობდა, რომ მეც მუსიკოსი გავმხდარიყავი. რაღა დაგიმალოთ და, მუსიკა, ცოტა არ იყოს, მობეზრებული მქონდა, ამიტომ დავადექი სპორტის გზას. თუმცა, მანამდე, როდესაც მკითხეს, რომელ მუსიკალურ ინსტრუმენტს ავირჩევდი, საყვირი დავასახელე. მამამ საყვირზე უარი მითხრა – მეზობლებს გადარევო. ამიტომ არჩევანი ფლეიტაზე შევაჩერე. ძალიან მიყვარს ფლეიტა და მასზე დღემდე სიამოვნებით ვუკრავ. ეს ამბავი ყველამ იცის და ერთხელ თანამშრომლებმაც მაჩუქეს ფლეიტა. როდესაც ინდოეთში ვიყავი, იქაც ვიყიდე.

© photo: courtesy of David Chijavadzeდავით ჩიჯავაძე
კარატისტი, რომელიც ცოცხალ წმინდანს შეხვდა, და ყველა კითხვაზე გაცემული პასუხი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
დავით ჩიჯავაძე

- ერთ დღესაც ფლეიტა გვერდზე გადადეთ და საბჭოთა პიონერმა იოგას ვარჯიში დაიწყეთ, როგორ მოხდა ეს?

- ბავშვობიდან ვცდილობდი, რომ სხვებისგან განსხავავებული რაღაც მესწავლა. 1978 წელი იყო, როცა გაზეთ „ლელოდან“ გავიგე, რომ ალექსი იაკობაშვილმა იოგაზე მასალების წერა დაიწყო. მივხვდი, რომ ეს აბსოლუტურად განსხვავებული რამ იყო და დავინტერესდი. 12 წლის ვიყავი, როცა იოგას ვარჯიში სერიოზულად დავიწყე. იოგას მიმდევართა ვარჯიშების დემონსტრირება კომუნიზმის პერიოდში პირველად 1988 წელს ფილარმონიაში მოხდა.

© photo: courtesy of David Chijavadzeდავით ჩიჯავაძე
კარატისტი, რომელიც ცოცხალ წმინდანს შეხვდა, და ყველა კითხვაზე გაცემული პასუხი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
დავით ჩიჯავაძე

- კარატე როდის გაჩნდა თქვენს სპორტულ ცხოვრებაში?

- 1979 წლის ბოლოს, როცა ჩვენთან კარატე გამოჩნდა ოფიციალურად, მასზე გადავერთე. 14 წლის ასაკში იოგაში ისე ვიყავი მომზადებული, რომ ძალიან მალე, ფაქტიურად ოთხ თვეში კარატეს უფროს ჯგუფში გადამიყვანეს. ძირითადად ვვარჯიშობდი ვადორიუ კარატეს სტილში, რომელიც ფანატიკურად შემიყვარდა.

- რატომ კრძალავდნენ კომუნისტები იოგას?

- თავისუფალი იდეოლოგიის გამო. იმ დროს საჯარო ბიბლიოთეკაში იოგაზე წიგნს არ იძლეოდნენ. იმიტომ კრძალავდნენ, რომ იოგას ჩარჩოები და დოგმები არ გააჩნია, ამიტომ თავისუფალი სულის ხალხი სამართავად ძნელი იქნებოდა და ეს, რა თქმა უნდა, არ აწყობდათ. ამიტომ ოფიციალურად აიკრძალა.

© photo: courtesy of David Chijavadzeდავით ჩიჯავაძე ოჯახთან ერთად
კარატისტი, რომელიც ცოცხალ წმინდანს შეხვდა, და ყველა კითხვაზე გაცემული პასუხი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
დავით ჩიჯავაძე ოჯახთან ერთად

- იოგას შემდეგ კარატესაც შეეხო აკრძალვა...

- დიახ, კარატე ოფიციალურად იოგას აკრძალვის შემდგომ, 1984 წელს აიკრძალა. მაშინ ჯარში ვიყავი და ეს აკრძალვა ვერ ვიგრძენი. იქ კურსანტების და ოფიცრების ვარჯიში შემომთავაზეს. 1988 წლის აპრილის თვეში ქართული და აღმოსავლური ორთაბრძოლების ასოციაცია ჩამოყალიბდა და კარატეში ვარჯიშები ოფიციალურად ისევ გავაგრძელეთ. ამის შემდგომ პერიოდში ჯერ „იოგასა და ნატუროპათიის რესპუბლიკურ-სახალხო უნივერსიტეტში“ და შემდეგ „იოგასა და ადამიანის ჰარმონიული განვითარების ცენტრში“ კერძო სამწვრთნელო პრაქტიკით ვიყავი დაკავებული.

© photo: courtesy of David Chijavadzeდავით ჩიჯავაძე იტალიაში ყოფნის დროს
კარატისტი, რომელიც ცოცხალ წმინდანს შეხვდა, და ყველა კითხვაზე გაცემული პასუხი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
დავით ჩიჯავაძე იტალიაში ყოფნის დროს

- 90-იან წლებში უკვე უცხოეთშიც გახვედით, პირველი სერიოზული შეჯიბრი რომელი იყო?

- საქართველოს სახელით ვადო-რიუს ნაკრებ გუნდს უცხოეთში გასვლა პირველად 1994 წელს პარიზში ევროპის თასზე მოგვიწია. მაშინდელ ევროპაში საქართველო, ფაქტობრივად, არავინ იცოდა, არადა, წარმატებას მივაღწიეთ და საერთო გუნდურ ჩათვლაზე მოულოდნელად მაღალი რეიტინგი ვაჩვენეთ. ამავე წელს ავიღე ჩემი პირველი შავი ქამარი. ორი წლის მერე მონაწილეობა მივიღე მსოფლიოს გაერთიანებული საბრძოლო ხელოვნების (WUMA) მიერ მოწყობილ მსოფლიო თასზე, რომელიც ინგლისის ქალაქ ჩელტენჰემში ჩატარდა. მაშინ გუნდურ შეჯიბრში მეორე ადგილი ავიღეთ და WUMA-ს ეგიდით 1996 წელს მსოფლიო გაერთიანებულმა საბრძოლო ხელოვნებამ მესამე დანი მომანიჭა.

© photo: courtesy of David Chijavadzeსაი-ბაბას აშრამი, ვარჯიშის ბოლოს
კარატისტი, რომელიც ცოცხალ წმინდანს შეხვდა, და ყველა კითხვაზე გაცემული პასუხი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
საი-ბაბას აშრამი, ვარჯიშის ბოლოს

- პირადი წარმატებებიდან რომელს გაიხსენებთ?

- ჩემს თანაგუნდელებს კარგად ახსოვთ, რომ ინგლისის ნაკრებთან შეხვედრისას ყველაზე მაღალ მონაწილესთან ფეხით იპონი ავიღე. ამ დროს ყველაზე დაბალი ვიყავი. პარიზში შეჯიბრისას შევხვდი კარატეს ლეგენდას, მერვე დანს ტაცუო სუძუკის, რომელიც საქართველოში ხშირად გვსტუმრობდა და ქართველ სპორტსმენებთან ძალიან ახლოს მეგობრობდა. 1994 წელს მე პირველი შავი ქამარი, პირველი დანი ავიღე ვადო-რიუ კარატეში. 2003 წელს კი სუძუკი სენსეიმ მესამე დანი მომანიჭა. ამავე წლიდან ვარ საქართველოს ვადორიუ კარატეს გენერალური მდივანი. პრეზიდენტი ჩემი თანაგუნდელი, ნაკრების პირველი კაპიტანი მიშა მახარაძეა.

© photo: courtesy of David Chijavadzeსაქართველოს გუნდი WUMAS-ის პირველ მსოფლო თასზე
კარატისტი, რომელიც ცოცხალ წმინდანს შეხვდა, და ყველა კითხვაზე გაცემული პასუხი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
საქართველოს გუნდი WUMAS-ის პირველ მსოფლო თასზე

- იაპონიაში არ ყოფილხართ?

- იაპონიაში არა, მაგრამ 1991-92 წლებში საქართველო-იაპონიის კულტურული ასოციაციის დახმარებით აღმოსავლეთმცოდნეობის ინსიტუტში დავეუფლე იაპონურ ენას, რომელიც ბევრჯერ გამომადგა. 1998 წელს კარატეს საწვრთნელო პრაქტიკის გამო, მაშინდელი ოფიციალური მოთხოვნის შესაბამისად, საგამოცდო ტესტირების საფუძველზე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის საგამოცდო კომისიამ კარატეს ინსტრუქტორის სახელმწიფო კვალიფიკაცია მომანიჭა.

© photo: courtesy of David Chijavadzeდავით ჩიჯავაძე
კარატისტი, რომელიც ცოცხალ წმინდანს შეხვდა, და ყველა კითხვაზე გაცემული პასუხი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
დავით ჩიჯავაძე

- თქვენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აკრედიტებული ექსპერტიც ხართ, ამ სფეროში როგორ აღმოჩნდით?

- შრომის უსაფრთხოებასთან პირველი შეხება მქონდა 2000 წლიდან, როდესაც ბრიტანულ კომპანია BP-ში დეპარტამენტის ზედამხედველად ვმუშაობდი, შემდეგ კი მის კონტრაქტორ კომპანიაში მენეჯერად. 2010 წლიდან დავიწყე თანამშრომლობა „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან“. ვიყავი ასოციაციის შრომის უსაფრთხოების კომიტეტის წევრი. ILO-ს ექსპერტებთან გავიარეთ ბევრი ტრენინგი შრომის უსაფრთხოებაში, რომლებსაც შემდეგ უკვე თავად ვუტარებდით დაინტერესებულ კომპანიებს. ასოციაციის ეგიდით 2015 წელს სასწავლებლად მიმავლინეს იტალიაში, ქალაქ ტურინში, სადაც გამოცდები ჩავაბარე ILO-ს, ანუ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო ცენტრში და საერთაშორისო აკრედიტაცია მივიღე. 2015 წელს იტალიაში აკრედიტაცია ორმა ქართველმა ავიღეთ.

© photo: courtesy of David Chijavadzeდავით ჩიჯავაძის სერთიფიკატი
კარატისტი, რომელიც ცოცხალ წმინდანს შეხვდა, და ყველა კითხვაზე გაცემული პასუხი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
დავით ჩიჯავაძის სერთიფიკატი

- დღეს, საქართველოს გარდა, უცხოეთის ქვეყნებშიც ატარებთ ტრენინგებს...

- 2015 წლის შემდეგ, როგორც უკვე ILO-ს ექსპერტ-ტრენერი, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვატარებდი შესაბამის ტრენინგებს. 2019 წლის მიწურულს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ხელშეწყობით, საქართველოში პირველად განხორციელდა აღნიშნული სააკრედიტაციო სწავლებები, რომელიც ჩემს იტალიელ კოლეგებთან ერთად ჩავატარე და საქართველოში კიდევ რამდენიმე დაინტერესებულმა პრაქტიკოსმა პირმა მიიღო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აკრედიტაციის სერტიფიკატი. მონაწილეობა მაქვს მიღებული საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თუ მსოფლიო ბანკის მრავალ პროექტში.

© photo: courtesy of David ChijavadzeEOSH სააკრედიტაციო ტრენინგის ჩატარება ასტანაში
კარატისტი, რომელიც ცოცხალ წმინდანს შეხვდა, და ყველა კითხვაზე გაცემული პასუხი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
EOSH სააკრედიტაციო ტრენინგის ჩატარება ასტანაში

- ცოცხალ წმინდანს როდის შეხვდით?

- 2002 წელს იოგას პრაქტიკის დასახვეწად გავემგზავრე ინდოეთში, სადაც საი-ბაბას აშრამში ვიმყოფებოდი. ცოცხალ წმინდანს, საი-ბაბას იქ შევხვდი. მასთან შეხვედრა სულ ორჯერ მომიწია. სანამ შევხვდებოდი, წინასწარ მოვემზადე, დაახლოებით 150 კითხვა მქონდა ჩამოწერილი.

- რომელიმე მათგანზე თუ მიიღეთ პასუხი?

- ყველაფერს ვერ მოვყვები, როგორ გითხრათ, ძალიან უცნაურია, მასთან დარშანზე ყოფნისას ისე მოხდა, რომ ტრანსში შევედი. ჰოდა, იქიდან რომ გამოვედი, გჯერათ? კითხვები უკვე აღარ მქონდა! აბსოლუტურად ყველა ჩემს კითხვას პასუხი გაეცა... მაშინ საი-ბაბა თავზე ხელით შემეხო, იმ სულიერ კონტაქტს და შეხებას უხილავი ძაფებით დღემდე ვგრძნობ. ნათქვამია, „იპოვე თავი შენიო“. საკუთარ თავს კი ისე ვერ იპოვი, თუ არ გეცოდინება საიდან მოხვედი და სად მიდიხარ. როცა ადამიანი ამბობს, ცუდად ვარო, უნდა გაიგოს – რატომ არის ასე და მიზეზი საკუთარ კარმაში ეძებოს. კარმას კი ისე ვერ ჩაწვდები, სანამ საამისოდ ღრმა სულიერ პრაქტიკას არ გაივლი. ამაში საკუთარ ინდივიდუალურ ჰოროსკოპში ჩახედვა–ჩაწვდომაც საჭიროა. მოკლედ, ასე მარტივი ამბავი არ არის... საერთოდ, იოგას სწავლება გულისხმობს ფიზიკურ და სულიერ ჰარმონიას, რითიც სამყაროსთანაც მყარდება ჰარმონია. სამყაროს ჰარმონიამდე მისასვლელი გზები კი მრავალგვარია და მას ყველა იოგას არ ეძახის. ჩემთვის კი ეს ნამდვილად იოგაა...

 

ყველა ახალი ამბავი
0