ბატონი გიორგი სხვადასხვა დროს იყო: თბილისის კონსერვატორიის კამერული ანსამბლის კათედრის კონცერტმაისტერი, საქართველოს მუსიკალური საზოგადოების კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, ბათუმის ოპერის თეატრის დირიჟორი. მოგვიანებით მილანის ორკესტრის პირველი ვიოლინო გახდა.
იტალიის შემდეგ გიორგი ბაბუაძის შემოქმედებაში იაპონური პერიოდი იწყება. თავდაპირველად, ქალაქ ოსაკას სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერი ხდება, 2001 წლიდან კი კიოტოს ხელოვნების უნივერსიტეტის ვიოლინოს კლასის პედაგოგი და კონცერტმაისტერია.
ცნობილია, იაპონურ ურთიერთობებში, მით უფრო უცხო ქვეყნის ადამიანისთვის საკუთარი, თუნდაც ნოვატორული იდეის განხორციელება და თავის დამკვიდრება როგორი რთული საქმეა. ბატონმა გიორგიმ თავისი პროფესიონალიზმის, იშვიათი შრომისმოყვარეობისა და გამორჩეული პიროვნული თვისებების წყალობით ეს შეძლო. ამის გარდა, ურთულესი იაპონური ენაც კარგად აითვისა და ადგილობრივ ურთიერთობებსაც ადვილად აუღო ალღო. ამიტომ იაპონელებისთვის დღეს უკვე „გოგი სან“ და თავისიანია.
- ბატონო გიორგი, თქვენ მუსიკალური ოჯახიდან ხართ, ბავშვობაში მუსიკალური სკოლა დაამთავრეთ, ალბათ იმ დროიდან იწყება თქვენი და ვიოლინოს „ურთიერთობა“?
- ჩემთვის ვიოლინოს არჩევანი დედიკოს უკავშირდება. იგი პიანისტია და ძალიან დიდი ხანი ასწავლიდა მესამე სამუსიკო სკოლაში, სადაც ვიოლინოს სწავლა მეც დავიწყე. როგორც ჩანს, ურიგო სმენა ბავშვობიდანვე არ მქონდა, ამიტომ მუსიკისადმი ჩემი სიყვარულიც პატარობიდანვე ბუნებრივად გაღვივდა. მინდა გამოვყო ჩემი სკოლისა და სასწავლებლის ორი მშვენიერი პედაგოგი, ლენა მადე და დავით რეიზნერი. ჩემი, როგორც მევიოლინედ ჩამოყალიბებაში მათი დიდი ღვაწლია. ანსამბლი და კვარტეტის ჟანრი კი ძალიან შემაყვარეს საუცხოო პედაგოგებმა; გელა ჩაჩხიანმა, ალექსანდრე ბეგალიშვილმა და თამაზ ბათიაშვილმა.
- სტუდენტური წლები თბილისის კონსერვატორიაში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს 80-იან წლებში იყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთ-ერთი ბედნიერი პერიოდი იყო თქვენს ცხოვრებაში, ასეა?
- თბილისის მესამე მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1985 წელს, სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დავამთავრე. კონსერვატორიაში სწავლის წლები მართლაც ძალიან ბედნიერი ხანა იყო ჩემს ცხოვრებაში. უამრავ შესანიშნავ მუსიკოსს და პედაგოგს შევხვდი და მათთან ერთად მუსიცირების ბედნიერებაც მქონდა. ვსწავლობდი ქართული სავიოლინო სკოლის ერთ-ერთ კორიფეს, ლეო შიუკაშვილის კლასში. ჩემს გარშემო უამრავი ნიჭიერი და მისაბაძი სტუდენტი იყო, მათი გავლენით ძალიან ბევრი რამ შევიძინე. 1986-1991 წლებში კონსერვატორიის კამერული ანსამბლის კათედრის კონცერტმაისტერი ვიყავი.
-თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვიოლონო, ყველაზე რთულ მუსიკალურ ინსტრუმენტად ითვლება, მაინტერესებს, როგორი იყო გზა, რომელიც გაიარა ორკესტრის პირველმა ვიოლინომ - N1 მევიოლინემდე?
- მართალია, ვიოლინო მართლაც ურთულესი მუსიკალური ინსტრუმენტია და მისი დაუფლება ბავშვობის ასაკიდან მოითხოვს დიდ, დაუღალავ შრომას. ვფიქრობ, რომ ჩემი, როგორც მევიოლინეს და დირიჟორის დღევანდელი, ასე ვთქვათ აღიარება, პირველ რიგში, ჩემმა ზოგადად მუსიკის და კერძოდ ვიოლინოსადმი უზომო ინტერესმა და სიყვარულმა განაპირობა. შემდეგ კი უსათუოდ იმ სხვადასხვა თაობის შესანიშნავ მუსიკოსებთან ურთიერთობამ, რომელთა წვლილი და ამაგი მართლაც განუზომელია. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ სასწავლებელსა და კონსერვატორიაში სწავლების წლებში ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი. იყო დღეები, როდესაც პატარა შესვენებებით, 8-10 საათიც კი მიმეცადინია.
- სხვადასხვა დროს განსხვავებული ორკესტრის დირიჟორი იყავით, რომელი იყო ორკესტრი, რომელთან მუშაობაც გამორჩეული იყო თქვენთვის და რატომ?
- ყველა ორკესტრი, რომელთანაც შემოქმედებითი ურთიერთობა მქონდა, გამორჩეული და ინდივიდუალურია, ამიტომ ჩემთვის ყველასთან მუსიცირება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. თუმცა განსაკუთრებულად გამოვყოფდი ჩემი, როგორც დირიჟორის პირველი მცდელობების დროს შექმნილ კამერულ ორკესტრს, რომელიც 1989 წელს ჩამოაყალიბეს ჩემმა საუცხოო ახალგაზრდა კოლეგებმა და რომლის დირიჟორობაც მე შემომთავაზეს. 1990 წელს ამ ორკესტრმა საქართველოს სამუსიკო საზოგადოების სტატუსი მიიღო. ეს იყო ჩემი, როგორც მუსიკოსისა და დირიჟორის ლაბორატორია, სადაც პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება და უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევები შევიძინე. პარალელურად ვეუფლებოდი საოპერო-სიმფონიურ დირიჟორობას უდიდესი მაესტროს, ოდისეი დიმიტრიადის კლასში.
- პედაგოგობა ზოგადად რთული პროფესიაა, მაგრამ მუსიკის პედაგოგობა ალბათ გაცილებით რთულია. როგორ ფიქრობს ამაზე მუსიკოსი, რომელმაც საუკეთესო მოსწავლეები აღზარდა?
- ვფიქრობ, რომ პედაგოგიკა მართლაც ძალიან რთული დისციპლინაა და განსაკუთრებულ ნიჭს მოითხოვს. როდესაც წარმატებულ შემსრულებელს პედაგოგობის ნიჭიც აქვს, ეს მართლაც ბედნიერი თანხვედრაა. მასწავლებლის პროფესიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ადამიანის პირადულ და პიროვნულ თვისებებს ენიჭება. აგრეთვე სწავლების პროცესის და რეპერტუარის სისტემაში მოყვანისა და რუტინასთან შემოქმედებითი მიდგომის დამოკიდებულებას. ვფიქრობ, ეს გარკვეულ წილად განსაკუთრებული ნიჭია და მოსწავლის პროგრესზე ორიენტირებული ენთუზიაზმიც წარმატების აუცილებელი პირობაა.
- ამბობენ, მილანის პუბლიკა გამორჩეულიაო, როგორია თქვენი იტალიური შთაბეჭდილებები?
- იტალიის გამოცდილება და შთაბეჭდილებები მუდამ თან მსდევს და შემოქმედებით გზაზე ძალიან მეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში. ყოველთვის დიდი მადლიერებით ვიხსენებ ქართველი ოსტატის, ლევან ცინცაძის თანადგომას. იტალიაში ყოფნისას იგი კრემონას სტრადივარიუსის სკოლაში ეუფლებოდა ვიოლინოს შექმნის ხელოვნებას და ძალიან დამეხმარა გზის გაკვლევასა და დაფუძნებაში. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკის სხვადასხვა ჟანრს თავისი მსმენელი ჰყავს, ვფიქრობ, მილანის მსმენელი მაინც გამოირჩეოდა გარკვეული დახვეწილობით. მილანში ძირითადად კამერულ ორკესტრში ვუკრავდი და კამერული მუსიკის მოყვარული პუბლიკა ოდნავ თავშეკავებით გამოირჩევა. თუმცა მქონდა ბედნიერება, როგორც მოწვეული ორკესტრის მუსიკოსს მონაწილეობა მიმეღო ორთვიან საზაფხულო საოპერო ფესტივალში Macerata Opera. მახსოვს, სპექტაკლები ღია არენაზე იმართებოდა, მშვენიერი დირიჟორების ხელმძღვანელობით უამრავი წარმოდგენა გვქონდა. მღეროდნენ საუცხოო სოლისტები, მათ შორის, ხოსე კარერასი. მსმენელი ყოველდღე ჩამოდიოდა მთელი იტალიიდან და შვეიცარიიდან. ასევე დიდი სიხარულითა და ნოსტალგიით მახსენდება ჩემი ურთიერთობა Orchestra Stabile di Como-სთან.
- ისეთ განსხვავებულ ქვეყანაში, სადაც უცხოელისთვის ყველაზე რთულია საკუთარი თავის დამკვიდრება, როგორ გახდით წარმატებული მევიოლინე, კონცერტმაისტერი და პედაგოგი?
- დიახ, მართლაც ძალიან რთულია იაპონურ საზოგადოებაში დამკვიდრება და განსაკუთრებით რთულია საქმიანობის განვითარება. იაპონიაში სამი ქართველი მუსიკოსი 1996 წელს ჩამოვედით. კონტრაქტის მიხედვით ორკესტრის კონცერტმაისტერი ვიყავი და ეს სტატუსი უკვე თავისთავად განაპირობებს გარკვეულ პასუხისმგებლობას. ვიოლონჩელისტი გია ხეოშვილი დ ალტისტი ზაზა გოგუა, (რომელიც იაპონიაში დღემდე წარმატებით მოღვაწეობს), ორკესტრის პირველი ხმები იყვნენ. სამწუხაროდ გია ხეოშვილი გარდაიცვალა. ზაზასა და ორ მუსიკოსთან ერთად, კონცერტებს კვარტეტ „თბილისის” სახელით ვატარებთ. ძირითადად ვასრულებთ ქართულ მუსიკას, შარშან, სულხან ცინცაძისა და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებებით პირველი CD ჩავწერეთ. იაპონელი მსმენელი ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით გვხვდება და გვაცილებს. სცენაზე ძალიან მნიშვნელოვანია გულახდილი იყო და ემოციური მუხტი უსათუოდ მიაღწევს მსმენელამდე. გამოგიტყდებით, რომ ჩემი შემოქმედებითი აქტივობის განვითარებისთვის აქ მართლაც დიდი დრო დამჭირდა.
-ალბათ ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩვეულებრივი ურთიერთობები იქნებოდა, მაინტერესებს, როგორ მოგმართავენ?
- იაპონიაში ტრადიციული, ფორმალური, რუტინული ურთიერთობები თავისი კანონებით მიედინება და იქ შეღწევა უცხო სხეულის ეფექტს ჰგავს. ამიტომ საჭიროა დიდი მოთმინება, დელიკატური დამოკიდებულება, ყველა ფორმალობის გათვალისწინება და წონასწორობის შენარჩუნება. ამ ყველაფერს კი ძალიან დიდი დრო მიაქვს. თან ამ ურთულესი ენის ცოდნის გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია რაიმე პროგრესი. იაპონური ცნობისმოყვარეობა განთქმულია, ამიტომ მათი ინტერესი ყოველი წვრილმანისადმი ხანდახან საკმაოდ დამღლელია, მაგრამ ყურადღებას და კონცენტრაციას მიმახვილებს. ჩემი სახელის გამოთქმა მაინცდამაინც რთული არ არის, მაგრამ მაინც გაუჭირდათ, ამიტომ ყველას ჩემი ბავშვობის დროინდელი სახელით ვეცნობი. ანუ ყველა მაინც როგორც გოგი-სან, ისე მიცნობს.
- რომელ თვისებებს აფასებთ მათში?
- იაპონურ კულტურასა და ურთიერთობებში მომწონს და ვაფასებ შრომისმოყვარეობას, პასუხისმგებლობას და ერთმანეთისადმი მორიდებულ, გაწონასწორებულ დამოკიდებულებას. ჩემის აზრით, ყველგან, ყველა საზოგადოებაში არის კარგიც და ცუდიც, მაგრამ ჩვენი სურვილი და მცდელობა უნდა იყოს ის, რომ მხოლოდ კარგი ვეძებოთ. ავღნიშნოთ, დავაფასოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი შთაბეჭდილებები და სურვილები. პოზიტივში ყველა დიდი სიხარულით მოგყვება და თუ რამე ნეგატივი გვხვდება დადებით შედეგზე ორიენტაცია ყოველთვის გვეხმარება პრობლემის მოგვარებაში.
- პანდემიამდე როგორი იყო თქვენი ცხოვრება ტოკიოში და როგორია პანდემიის დროს?
- პანდემიამდე ძალიან დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრება, უამრავი კონცერტი და გაკვეთილი მქონდა. რა თქმა უნდა პანდემიამ ძალიან შეგვაფერხა, თუმცა, ეს შეფერხება მე უფრო საქართველოსთან მიმართებაში განვიცადე, რადგან ბოლო წლებში ძალიან ხშირად ვახერხებდი თბილისში კონცერტებით ჩამოსვლას, ეს წელიწადნახევარი კი საერთოდ ჩამივარდა. ქალაქ ოსაკაში, სადაც მე ვცხოვრობ და ძირითადად ვსაქმიანობ, ძალიან ბევრი კონცერტი და შემოქმედებითი ურთიერთობა მაქვს. თუმცა სამშობლოში, საყვარელ მეგობრებთან და საოცარ ქართველ, ახალგაზრდა მუსიკოსებთან ურთიერთობა მაინც განუმეორებელი ბედნიერებაა. სამწუხაროდ შარშან და წელს ეს ყველაფერი გაჩერდა, მაგრამ მომავალ წელს დიდი იმედით შევცქერი. ჩემს იაპონელ კოლეგებთან ერთადაც საქართველოში კონცერტებით უსათუოდ გეწვევით.
- ამ გადასახედიდან რა ასოციაციებს გიჩენთ საქართველო?
- მეგობრებისთვის ხშირად მითქვამს, რომ მიუხედავად ხანგრძლივი იაპონური ცხოვრებისა, საკუთარ თავს ემიგრანტად ვერ აღვიქვავ. მე საქართველოს მოქალაქე ვარ, უცხოეთში ვმუშაობ, მაგრამ სულით და გულით მაინც ჩემს ქვეყანაში ვარ. ვფიქრობ, რომ ჩემზე ხშირად ვერავინ ახერხებს უცხოეთიდან სამშობლოში ჩამოსვლას. ყოფილა შემთხვევა, როცა საქართველოში წელიწადში 4-5-ჯერ ჩამოვსულვარ და თან კონცერტებით. ასე რომ, მომავალი წლიდან იმედია, კიდევ უფრო ხშირად შევხვდებით ერთმანეთს...